გაზპრომთან მოლაპარაკებები

ენმ გაზპრომთან დასადები ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროებას მოითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავრობისგან გაზპრომთან დასადები ხელშეკრულების შინაარსის გასაჯაროებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტის ორგანიზების მიზნით აქტიური კამპანიის დაწყებას აპირებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ რუსულ გაზპრომთან ქართველი ხალხის ზურგსუკან მიმდინარე მოლაპარაკებები მიმართულია საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და კატეგორიულად მოითხოვს ხელისუფლებისგან აღნიშნული დოკუმენტის დაუყოვნებლივ გასაჯაროებას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ენმ დაიწყებს აქტიურ კამპანიას ანტისამთავრობო პროტესტის და წინააღმდეგობის მოძრაბის ორგანიზების მიზნით. ჩვენ გვინდა, რომ ამ აქციებში ჩაერთოს რაც შეიძლება ფართო წარმომადგენლობა საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების, თუ სურვილი იქნება, პოლიტიკური პარტიებისაც" - თქვა დღევანდელ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

დეპუტატის თქმითვე, მთავრობის განცხადებები, თითქოსდა გაზპრომთან მოლაპარაკებები "პრაგმატულ დივერსიფიკაციას" უკავშირდება, სიცრუეა.

"გაზის მოწოდება განხორციელდება გაზპრომის მილსადენით, გაზპრომის სრული კონტროლით და შესაბამისად, პირდაპირ უკავშირდება ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესს", - განაცხადა წიკლაურმა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ეს ნაბიჯი საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.

"მთავრობის გადაწყვეტილება ასევე მიმართულია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის - აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომელიც წლების განმავლობაში სტაბილურად და შეუფერხებლად აწვდიდა ენერგომატარებლებს საქართველოს და არაერთგზის განაცხადა, რომ მზად არის, ნებისმიერი რაოდენობის გაზი ხელსაყრელ ფასად მიაწოდოს ჩვენს ქვეყანას. "გაზპრომზე" დამოკიდებულება ნიშნავს სიცივეს, გაყინულ საქართველოს, არაპროგნოზირებად და წამგებიან ეკონომიკურ გარემოს, ენერგეტიკული ბერკეტით ქვეყნის შანტაჟს და პოლიტიკურ ზეწოლას, რაც 2006 წელს ერთხელ უკვე განახორციელა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ", - აღნიშნა წიკლაურმა. 

2015 წლის 27 დეკემბერს კახა კალაძემ შვეიცარიაში Gazprom Export-ის ხელმძღვანელთან ელენა ბურმისტროვასთან გამართა შეხვედრ. დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტის სოსო ცისკარიშვილის ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე კალაძემ ბურმისტროვასთან საქართველოში რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდის შესაძლებლობები განიხილა. ცისკარიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ემზადება კონტრაქტის დასადებად, რომლითაც სოკარისგან მიღებული გაზის მოცულობა განახევრდება, მის ადგილს კი რუსული გაზი დაიკავებს.

"ფაქტია, რომ ეს შეხვედრა დაიშალა კონტრაქტების მომზადებისთვის, რომლის ხელმოწერა შესაძლებელია იანვრის პირველ ნახევარშივე მოხდეს. გვაქვს ადგილი დივერსიფიკაციის მისაღწევად, თუ უკვე გადავედით ეტაპზე, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ პრიმიტიული დივერსია რუსეთიდან"- ამბობს სოსო ცისკარიშვილი რუსთავი 2-ის ეთერში.

ენერგეტიკის სამინისტრო Gazprom-თან მოლაპარაკებებს 25 სექტემბრიდან აწარმოებს, მას შემდეგ კახა კალაძესა და Gazprom-ის გენერალურ დირექტორს ალექსეი მილერს შორის შეხვედრა სამჯერ გაიმართა. დეკემბერში გამართული მესამე შეხვედრის შემდეგ აქტუალური გახდა საქართველოს მიერ ირანული ბუნებრივი აირის შესყიდვის საკითხი, რომლის შესყიდვის შემთხვევაშიც საქართველოს ირანთან ერთად Gazprom-ის წინაშეც გაუჩნდებოდა ვალდებულებები, რადგანაც მილსადენები, რომლითაც ირანული გაზი უნდა შემოსულიყო Gazprom-ს ეკუთვნის.

2015 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული Socar Georgia-ს ხელმძღვანელი მაჰირ მამედოვი ამბობდა, რომ სხვა მხარეებთან მოლაპარაკებების საფუძველი არ არსებობდა, რადგანაც აზერბაიჯანს საქართველოს კონკურენტუნარიანი ფასის ბუნებრივი აირით მომარაგება შეუზღუდავად შეეძლო. თბილისში მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულ მხარეს მთელი ევროპისა და რეგიონის ქვეყნების ბუნებრივი აირით მომარაგება 100 წლის მანძილზე შეუძლია.

კახა კალაძე კი Gazprom-თან მოლაპარაკებების პირველივე ეტაპიდან ამბობდა, რომ თუკი საქართველო მეტ რუსულ გაზს შეიძენდა, ეს ძალიან კარგი იქნებოდა.

კომენტარები