შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1996 წელს დაბადებულმა სანდრო მ-მ თელავში პოლიციელებს თავისივე ეზოს ღობიდან ესროლა. ბრალდებული ცხელ კვალზე უკვე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს შენობის მოსაზღვრედ მცხოვრებმა სანდრო მ.-მ თავისივე ეზოს ღობიდან სამმართველოს ეზოში გასულ ინსპექტორს, სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომელს მაია ჯავახიშვილს სანადირო თოფიდან ესროლა და დაჭრა. ბრალდებულმა, ასევე ესროლა დაჭრილი თანამშრომლის დასახმარებლად მისულ პოლიციის კაპიტანს გელა ლამაზოშვილს. ლამაზოშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დაჭრილი ინსპექტორის, მაია ჯავახიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, ამ დროისთვის მძიმეა.
"სამართალდამცველებმა სანდრო მ. შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ბრალდებულის პაპის სახელზე რეგისტრირებული სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლებით).





