საგარეო საქმეთა სამინისტრო

კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატად მიხეილ ჯანელიძე დაასახელა

ტაბულა

პრემიერობის კანდიდატმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატად მისი პირველი მოადგილე, მიხეილ ჯანელიძე დაასახელა. მიხეილ ჯანელიძეს დიპლომატიური განათლება რუსეთში დიპლომატიურ აკადემიასა და თსუ-ში აქვს მიღებული. ის 2003-2004 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარი  სპეციალისტის პოსტზე მუშაობდა. ჯანელიძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს 2011 წლიდან 2015 წლის აგვისტომდე იკავებდა, გიორგი კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად დანისვნის შემდეგ კი ჯანელიძე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გახდა.

გიორგი კვირიკაშვილი ამ ეტაპზე მინისტრთა კაბინეტში სხვა ცვლილებების შეტანას არ გეგმავს, თუმცა მომავალში საკადრო ცვილებებს არ გამორიცხავს.

''დიდი პატივია, რომ სახელისუფლებო გუნდმა გამომიცხადა ნდობა და ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურა წარადგინა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მინდა, განვაცხადო, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საქართველოს პარლამენტს ამ ეტაპზე დასამტკიცებლად უცვლელად წარვუდგენ მთავრობის სრულ შემადგენლობას, გუნდს, რომლის წევრიც პირველი დღიდან ვარ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე კი წარვადგენ მიხეილ ჯანელიძის კანდიდატურას.

"პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, მე მომეცემა საშუალება, უკვე პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან, ღრმად და დეტალურად გავეცნო თითოეული სამინისტროსა და მინისტრის საქმიანობას, მათ სტრატეგიას, გრძელვადიან და მოკლევადიან გეგმებს, რაც დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მომცემს. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები განხორციელდება."- წერია კვირიკაშვილის განცხადებაში.

კომენტარები