საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო კატუკიაზე: გაკვირვებული ვართ ბრალდებებით, უწყება მისი მუშაობით კმაყოფილი არ იყო

საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში საქართველოს ელჩის, თეა კატუკიას მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "ცილისმწამებლური ბრალდებებით" გაკვირვებულები არიან. სამინისტროს ცნობითვე, კატუკიას გადადგომამდე განუმარტეს, რომ მისი საქმიანობით კმაყოფილი არ იყვნენ. 

"გაკვირვებული ვართ ქ-ნი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში. სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში, საქართველოს ინტერესების სათანადოდ დაცვა. შესაბამისად, უწყებამ ქ-ნ თეასთან კონსულტაციის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული პოზიციიდან მისი გამოწვევა.

მოგეხსენებათ, საფრანგეთთან საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის არსებული დღის წესრიგის გათვალისწინებით, გადავიდა უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, რაც მოითხოვს საელჩოში ხელმძღვანელ პოზიციაზე მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე დიპლომატის მივლინებას". - წერია განცხადებაში. 

როგორც თეა კატუკია დღეს, 1-ელ ივლისს გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, თანამდებობის დატოვებას საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან მასზე მუდმივი ზეწოლა უძღოდა წინ. 

როგორც ყოფილი ელჩი წერს, საქართველოს მთავრობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა საზღვარგარეთ მისი განვლილი პროფესიული გზა და მისი "პოლიტიკური მიუკერძოებლობა". 

მისივე ცნობით, ელჩად დანიშვნის პირველივე დღიდან საელჩოში არაერთი სერიოზული დარღვევისა და სტრუქტურული გაუმართაობის მოწმე გახდა, რაც, მისივე შეფასებით, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობის ინტერესებსა და იმიჯს. კატუკია წერს, რომ ფუნქციის შესრულება მუდმივი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ზეწოლის, შევიწროებისა და მუქარის კონტექსტში უწევდა, "რაც სათავეს იღებს სისტემაში ღრმად დამკვიდრებული კლანური და კლიენტისტური პრაქტიკიდან".  

განცხადება სრულად - ნახეთ აქ. 

კომენტარები