მკვლელობა დიღმის მასივში

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის განცხადებაზე გამოძიება დაიწყო

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ბრალდებულმა სამართალდამცველები ძალადობაში გუშინდელ სასამართლო პროცესზე დაადანაშაულა.

"თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვისას ბრალდებული მ.პ-ს მიერ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ პოლიციელთა მხრიდან ძალადობას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მ.პ-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. წინასასამართლო სხდომა 10 თებერვალს, 12:00 საათზე გაიმართება.

გუშინდელ სხდომაზე მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას დაკავების შემდეგ პოლიციელებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ბრალდებულის მტკიცებით, მას პოლიციელები ხელებზე და თავზე სცემდნენ. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ადვოკატის თქმით, საქმეში მართლაც დევს ცნობა, რომ ბრალდებულს დაზიანებები აქვს და ის 20 დეკემბერს სტაციონარშიც იყო მოთავსებული. მოსამართლემ პროკურატურას მიმართა, რომ ბრალდებულის განცხადებით დაინტერესდნენ.

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სსკ-ის ეს მუხლი 20-წლამდე ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა, მ.პ-ს დაკითხვაზე გადაყვანიდან მალევე შსს-მ საქმე "ცხელ კვალზე გახსნილად" გამოაცხადა და თქვა, რომ ბრალდებული ქმრის და შვილის მკვლელობას აღიარებდა. მოგვიანებით, შსს-მ განმარტა, რომ მ.პ-მ გამოძიებას ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცა.

კომენტარები