მკვლელობა დიღმის მასივში

5 წლის ბავშვისა და 27 წლის კაცის მკვლელობისთვის ბრალი ბავშვის დედას წარუდგინეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიღმის მასივში მომხდარი მამა-შვილის მკვლელობა გახსნილია. უწყების განცხადებით, დაკავებულმა, 1990 წელს დაბადებულმა მაგდა პ-მ დღეს გამთენიისას, "ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ–ს. ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა". ამის შემდეგ, შსს-ს ცნობით, "მაგდა პ–მ გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა".

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დიღმის მასივში მამა-შვილი მოკლული გამთენიისას იპოვეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ადგილობრივები აცხადებენ, მათ ხმაური დაახლოებით 03:30 საათზე გაიგეს, გარეთ გამოსულებს კი მამა-შვილი სადარბაზოსთან, უკვე მოკლული დახვდათ. 

კომენტარები