მკვლელობა დიღმის მასივში

შსს: დაკავებული მაგდა პ. ამ ეტაპზე დანაშაულს არ აღიარებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქმრისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მაგდა პ. ამ ეტაპზე დანაშაულს არ აღიარებს. ტაბულას კითხვას, რატომ გავრცელდა ოფიციალური განცხადება, რომლის მიხედვითად მაგდა პ. დანაშაულს აღიარებს, უწყებაში პასუხობენ, რომ ბრალდებულმა გამოძიებას ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცა.

„ვიდეო იმიტომ გავრცელდა, რომ იმ მომენტისათვის, როცა ვიდეო გავრცელდა და გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური კომენტარი, ის აღიარებდა დანაშაულს“ - განმარტავენ შსს-ში.

ცნობისთვის, ოფიციალურ ვიდეოში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, განცხადებასთან ერთად გაავრცელა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მეორე განყოფილების უფროსი, ავთანდილ გალდავა ამობს: „დაკავებულმა აღიარა, რომ მოკლა მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი, კვალის დაფარვის მიზნით კი, ცხედრები კორპუსის წინ გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს“.

მოგვიანებით, შსს-ს ოფიციალური გვერდიდან ვიდეო გაქრა და დარჩა მხოლოდ ტექსტური განცხადება, სადაც არ წერია, აღიარებს თუ არა დაკავებული დანაშაულს. თუმცა, ვიდეო გავრცელდა 18:00 საათზე, კურიერში, სადაც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მეორე განყოფილების უფროსის განცხადებაც დარჩა. რამდენიმე წუთის წინ კი უწყებამ ვიდეო კვლავ გამოაქვეყნა, საიდანაც ამოღებულია ავთანდილ გალდავას საუბრის ნაწილი და ჩამატებულია მაგდა პ.-ის დაკავების ამსახველი კადრები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულიპირველი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დიღმის მასივში მომხდარი მამა-შვილის მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს. უწყების განცხადებით, 1990 წელს დაბადებულმა მაგდა პ-მ დღეს გამთენიისას, "ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ–ს. ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა". ამის შემდეგ, შსს-ს ცნობით, "მაგდა პ–მ გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა".

კომენტარები