მკვლელობა დიღმის მასივში

შსს-ში ამ დრომდე არ პასუხობენ კითხვას - აღიარებს თუ არა დაკავებული დანაშაულს

RFE/RL

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ პასუხობენ კითხვას - აღიარებს თუ არა 27 წლის მამაკაცისა და 5 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს.

ოფიციალურ ვიდეოში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, განცხადებასთან ერთად გაავრცელა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მეორე განყოფილების უფროსი, ავთანდილ გალდავა ამობს: „დაკავებულმა აღიარა, რომ მოკლა მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი, კვალის დაფარვის მიზნით კი, ცხედრები კორპუსის წინ გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს“.

მოგვიანებით, შსს-ს ოფიციალური გვერდიდან ვიდეო გაქრა და დარჩა მხოლოდ ტექსტური განცხადება, სადაც არ წერია, აღიარებს თუ არა დაკავებული დანაშაულს. თუმცა, ვიდეო გავრცელდა 18:00 საათზე, კურიერში, სადაც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მეორე განყოფილების უფროსის განცხადებაც დარჩა. რამდენიმე წუთის წინ კი უწყებამ ვიდეო კვლავ გამოაქვეყნა, საიდანაც ამოღებულია ავთანდილ გალდავას საუბრის ნაწილი და ჩამატებულია მაგდა პ.-ის დაკავების ამსახველი კადრები.

ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა უწყებაში ამ დრომდე არ აქვთ პასუხი კითხვაზე - აღიარებს თუ არა დაკავებული მაგდა პ. ქმრისა და შვილის მკვლელობას. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული პირველი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დიღმის მასივში მომხდარი მამა-შვილის მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს. უწყების განცხადებით, 1990 წელს დაბადებულმა მაგდა პ-მ დღეს გამთენიისას, "ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ–ს. ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა". ამის შემდეგ, შსს-ს ცნობით, "მაგდა პ–მ გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა".

კომენტარები