ფულადი გზავნილები

ფულადი გზავნილები ნოემბერში 18%-ით შემცირდა

Reuters

2015 წლის ნოემბერში უცხოეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 18.3%-ით შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბერში ჩარიცხული თანხის მოცულობა $85 მილიონი ლარი იყო, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით $19.1 მილიონით ნაკლებია.

ფულადი გზავნილების კლება წელს არ დაწყებულა, რადგანაც რუსეთში არსებული კრიზისის გამო შემცირება შესამჩნევი 2014 წელს გახდა. გასული წლის ნოემბერში 2013 წელთან შედარებით გზავნილები $20 მილიონით შემცირდა. ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია. 

რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება ამ ქვეყნებში არსებულ რთულ ეკონომიკურ პირობებს უკავშირდება. ამ ქვეყნებში წასული მოსახლეობა ხელფასებს რუბლსა და გრივნაში იღებს, ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაციის გამო კი მათ მიერ საქართველოში გამოგზავნილი თანხის რაოდენობა დოლარში შემცირებულია.

ფულადი გზავნილების მიხედვით ნოემბერში უმსხვილესი დონორი ქვეყნების სია კი ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი $33 მილიონი
  2. საბერძნეთი $8.7 მილიონი
  3. იტალია $8.6 მილიონი
  4. აშშ $8.2 მილიონი
  5. თურქეთი $5.0 მილიონი

ფულადი გზავნილები საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა. მისი შემცირება კი ეროვნული ვალუტის კურსზე უარყოფით გავლენას ახდენს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული 11 თვის განმავლობაში გზავნილების მოცულობა 26%-ით შემცირდა. 

ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში $14.7 მილიონი გაიგზავნა.

კომენტარები