თბილისში მკვლელობა მოხდა. 1961 წელს დაბადებულმა ანდრო მ-მ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ერთი პირი მოკლა, ხოლო მეორე დაჭრა. რუსთავი ორის ინფორმაციით, მოკლულიც და დაჭრილიც გამოძახებაზე მისული ექიმები არიან.
ანდრო მ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ცოტა ხნის წინ ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე თავისივე საცხოვრებელ კორპუსში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა 1977 წელს დაბადებული გიორგი ბ, ხოლო 1989 წელს დაბადებული ზურაბ ბ. ფეხის არეში დაჭრა.
დაკავებისას ბრალდებულმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ფეხში მსუბუქად დაიჭრა. ანდრო მ-ს და ზურაბ ბ-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დანაშაულის ჩადენის იარაღი შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ნივთმტკიცებად" - აცხადებს შსს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით).
რუსთავი ორის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 50 წლის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემა ჰქონდა. მისი ოჯახის წევრმა ექიმებს კლინიკაში გადაყვანა სთხოვა. მისამართზე მისვლის შემდეგ კი, ექიმებს ესროლეს.





