პრემიერი 11 დეკემბრის მთის დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდის

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრი ინიციატივით გამოდის, რომ 11 დეკემბერს საქართველოში მთის დღე აღინიშნოს. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი მთის განვითარებაა, ამიტომაც ამ დღის აღნიშვნა საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.

"გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 11 დეკემბერს მთელი მსოფლიო მთის დღეს აღნიშნავს და გამოვდივართ ინიციატივით, შევუერთდეთ ამ თარიღს. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი მთის განვითარებაა. მით უმეტეს, მხედველობაში გვაქვს ის, რომ ჩვენ მივიღეთ მთის კანონი. მთაზე ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ და მიგვაჩნია, რომ ეს უდიდესი და უნიკალური რესურსია, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. გამოვდივარ ინიციატივით, გაეროს ამ გადაწყვეტილებას შევუერთდეთ და მთის დღე დავაკანონოთ საქართველოშიც. მე ვფიქრობ, ეს პირდაპირ ეხმიანება ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და გატარებულ რეფორმებს." - ამბობს ღარიბაშვილი.

საქართველოს მთავრობამ მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური განვითარების ინიციატივით უკვე მიიღო ახალი კანონპროექტი. გეგმის მიხედვით 2016 წლიდან მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები ხანდაზმულები 216 ლარამდე გაზრდილ პენსიებს მიიღებენ. ამავე კანონის მეშვეობით მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბიზნესებს საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ.

პრემიერმინისტრმა 2015 წლის 2 სექტემბერს რაჭაში სტუმრობისას განაცხადა, რომ მისი მთავრობის სურვილია, რომ მოსახლეობა მთაში დაბრუნდეს.

კომენტარები