რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულების წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობას ხელი პარლამენტის 50-მა დეპუტატმა მოაწერა. მიმართვას უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატიც - ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ზვიად ძიძიგური, ვახტანგ ხმალაძე, ლუკა კურტანიძე - შეუერთდა. შუამდგომლობის ტექსტი მთავარი პროკურატურის სახელზე, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოამზადა.
თავისუფალი ზონისა და ნაციონალური მოძრაობის სამი წევრი პარლამენტთან დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისთვის მიყენებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო 3 ოქტომბერს დააკავეს. ნიკა ნარსიას, კახა გაბუნიას, მირიან დეისაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე (ხულიგნობის) მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით დაიწყო, რაც სასჯელად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.
12 ნოემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შესახებ და რუსთავი ორის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული სამივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა.





