ადამიანის უფლებები

პრემიერი ადამიანის უფლებებზე: დროის მცირე მონაკვეთში საკმაოდ ბევრს მივაღწიეთ

ტაბულა

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოფიციალური მიღება გამართა საქართველოს პრემიერმინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა. პრემიერის თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში პროგრესია.

"შეიძლება ითქვას, რომ დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში საკმაოდ ბევრს მივაღწიეთ, ამას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე ვერ შევძლებდით. ასევე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის წვლილი, რომლებიც მთავრობისგან ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით პროგრესს მოითხოვდნენ. პარალმენტმა მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, ჩვენ დავიწყეთ სასამართლო რეფორმა, პარლამენტი კი დებატების თავისუფალ სივრცედ ვაქციეთ, სწორედ ამ პროგრესის აღსანიშნავად შევიკრიბეთ და აღვნიშნავთ 10 დეკემბერს ანუ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. ეს თარიღი 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს მიერ ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მიღებას უკავშირდება" - თქვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"დღეს ჩვენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ადამიანის უფლებათა დაცვა არის უმნიშვნელოვანესი დოქტრინა, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკას განსაზღვრავს შიდა თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან და ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს" - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებსა და სახალხო დამცველს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს.

კომენტარები