ადამიანის უფლებები

"2021 წელი არაერთი მიმართულებით მძიმე წელი იყო" – საიას ანგარიში ადამიანის უფლებებზე

ტაბულა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2021 წელი განსაკუთრებით მძიმე წელი იყო არაერთი მიმართულებით.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წელს, კოვიდ-19-ის გამო,  კიდევ უფრო დამძიმდა ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რის მოსაგვარებლადაც სახელმწიფოს რეაგირება, წინა წლის მსგავსად, არ აღმოჩნდა საკმარისი. საიას შეფასებით, პანდემიის პერიოდში სამედიცინო სექტორში, მომსახურების სფეროსა და მძიმე ინდუსტრიაში დასაქმებული პირებს  შრომითი პირობები კიდევ უფრო დაუმძიმდათ. 2021 წელს დაფიქსირდა არაერთი გაფიცვა თუ სოციალური საპროტესტო აქცია, სადაც დასაქმებულები ითხოვდნენ ღირსეულ ანაზღაურებასა და საბაზისო შრომით უფლებებს.

ანგარიშის მიხედვით, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შეზღუდული იყო არაერთი ეკონომიკური საქმიანობა, შედეგად - ბევრმა ადამიანმა შემოსავლის წყარო დაკარგა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა მათ მიერ სასესხო და საკრედიტო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების საკითხი.

"ამან საფრთხის ქვეშ დააყენა მათ მიერ სასესხო და საკრედიტო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების საკითხი. საბანკო დაწესებულებებმა ფიზიკურ პირებს საბანკო სესხებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის გამო სესხის ვადა გაუხანგრძლივეს, რამაც დარიცხული პროცენტის ზრდა გამოიწვია. შედეგად, მათ ყოველთვიურად იმაზე მეტი თანხის გადახდა უწევთ, ვიდრე შეზღუდვების ამოქმედებამდე",- წერია ანგარიშში. 

ორგანიზაციის შეფასებით, დისტანციურად წარმართულმა საგანმანათლებლო პროცესმა სრულფასოვნად ვერ შეცვალა საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილები - მოსწავლეთა ნაწილს არ აქვს წვდომა ინტერნეტსა და შესაბამის ელექტრომოწყობილობაზე, ამიტომ პანდემიისას განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ბავშვებისათვის სრულფასოვანი განათლების უფლების რეალიზების საკითხი.

ანგარიშის თანახმად, 2021 დაფიქსირდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მძიმე შემთხვევები. 

"ლგბტქი თემის წევრებისთვის კვლავ განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს გამოხატვის და შეკრების უფლებების პრაქტიკაში თავისუფლად რეალიზება. აგრეთვე, გაიზარდა მედიის წარმომადგენელთა პროფესიულ საქმიანობაში ჩარევისა და მათ მიმართ ძალადობის შემთხვევები. გარდა ამისა, ბოლო წლებში განხორციელებული თავდასხმები ძირითადად გამოუძიებელია. ამ გამოწვევათა კულმინაციის ნათელი მაგალითია თბილისში 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი მოვლენები. 5 ივლისს „ღირსების მარშის“ დაწყებამდე, დილიდან დაიგეგმა  კონტრაქცია, სადაც ძალადობრივი ჯგუფის წევრები ათობით მედიის წარმომადგენელს დაესხნენ თავს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ არ უზრუნველყო ძალადობის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირება და მათი აღკვეთა. შედეგად, „თბილისი პრაიდი“ იძულებული გახდა, ღონისძიება გაეუქმებინა და ლგბტქი პირებს ფაქტობრივად წაერთვათ შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა", - ვკითხულობთ ანგარიშში. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები, შედეგად, გამკაცრდა სანქციები პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაზე.

"ამასთან შემცირდა მოსამართლის როლი განსაზღვროს სანქციის ზომა ან გამოიყენოს სიტყვიერი შენიშვნა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობით დადგენილი საქმის განხილვის პროცედურული ნაწილი შესაბამისობაში არ არის მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან. ამგვარი ცვლილებები არის გაუმართლებელი და ზრდის ადამიანის უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის შესაძლებლობებს, რისი მაგალითებიც წლის განმავლობაში ვიხილეთ”,- წერია ანგარიშში. 

ანგარიში ასევე ეხება გარემოსდაცვით პრობლემებს, საია განსაკუთრებულ გამოწვევად მსხვილი ენერგეტიკული და ინსფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ადამიანის უფლებათა დარღვევას მიიჩნევს. 

"ქვეყანას ამ ეტაპამდე არ გააჩნია ენერგეტიკის განვითარების გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა ხდებოდეს მსგავსი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. ამასთან, კვლავ პრობლემაა წიაღის მომპოვებელი კომპანიების საქმიანობის შედეგად  ადგილობრივი  მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის სამართლიანი ანაზღაურების საკითხი, სახელმწიფოს მხრიდან ამ კომპანიების საქმიანობაზე არასათანადო ზედამხედველობა და ლიცენზიის პირობებთან მათი საქმიანობის შესაბამისობის შესწავლა",-აღნიშნულია დოკუმენტთან.

ანგარიშის მიხედვით,  სასამართლოს სისტემაში კლანური მმართველობა კვლავ მთავარ პრობლემად რჩება. საია მიიჩნევს, რომ ე.წ კლანის ძალაუფლების ძირითად ბერკეტს იუსტიციის საბჭო და სასამართლოს თავმჯდომარეები წარმოადგენენ. 

"უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე დაკვირვებამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ გავლენიანი ჯგუფი სტრატეგიულ, მნიშვნელოვან თანამდებობებზე მისთვის მისაღებ, ლოიალურად განწყობილი მოსამართლეებს ნიშნავს, რაც ხელს უწყობს სასამართლო სისტემაში ისედაც ფესვგადგმული არაფორმალური იერარქიის კიდევ უფრო განმტკიცებას”, - წერია ანგარიშში. 

ორგანიზაცია აფასებს არჩევნების კამპანიის პერიოდს და აღნიშნავს, რომ ძალადობის, პოლიტიკურად მოტივირებული და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა, რაც თავის მხრივ - აღემავებდა პოლიტიკურ პოლარიზაციას.

"საიასთვის ცნობილი გახდა ოპოზიციის მიმართ ზეწოლისა და მუქარის სავარაუდო შემთხვევებიც. მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის რამდენიმე შემთხვევა როგორც ქართული ოცნების, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ხოლო, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს შექმნილმა დაძაბულმა გარემომ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის ქცევაზე და რიგ შემთხვევებში, ხელი შეუშალა საარჩევნო უფლების თავისუფალ რეალიზებას”,- ვკითხულობთ დოკუმენტში. 

კომენტარები