შეწყალების კომისია

საია ელისაშვილის განცხადებაზე: კონკრეტული პირების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს

ძალიან სერიოზული ბრალდებებო გააჟღერა ალეკო ალეისაშვილმა და ამ ფაქტებზე უნდა მოხდეს ძალიან სწრაფი რეაგირება შესაბამისი ორგანოების მხრიდან. გამოძიება უკვე დაიწყო, ვიცით, რომ დაიკითხა ბატონი ზვიად ქორიძე. ისიც თავისი საჯარო გამოსვლებში მინიშნებებს აკეთებს ღიად იმაზე, რომ რასაც ელისაშვილი ამბობს, მას გარკვეული საფუძველი აქვს. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომელიც დისკრედიტაციას უკეთებს ძალიან ჰუმანურ ინსტიტუტს. ანუ სახელმწიფო აძლევს პატიმრებს შესაძლებლობას, რომ კონკრეტული პირობების დაცვის შემთხვევაში, მათ ვადაზე ადრე დატოვონ საპატიმრო დაწესებულება და მათ მიმართ განხორციელდეს ჰუმანური აქტი. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ამ ინსტიტუტის ბოროტად გამოყენება შეიძლება ხდებოდეს ვინმეს მხრიდან, ზეწოლების, ზეგავლენით ვაჭრობის, სხვა სამართალდარღვევების თუ სისხლის სამართლის დანაშაულების მეშვეობით, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, თუ ასეთი რამ ხდებოდა და ძალიან სერიოზულ ჩრდილს აყენებს იმ პროცესს, რომელიც არის შეწყალების პროცესი და იმ ადამიანების შესახებ ძალიან სერიოზულ ეჭვებს აღძრავს, ვინც შესაძლოა ჩართული ყოფილიყო ამ ზეწოლებში. მან თქვა, რომ მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში ნდობის ქვეშ არ დადგეს ყველა მაღალი თანამდებობის პირი, ამიტომ აუცილებელია, რომ კონკრეტული პირების იდენტიფიცირება მოხდეს და თუ მართლაც გამოიკვეთება, რომ მათ ჩაიდინეს მსგავსი ტიპის დანაშაულები, ვინც არ უნდა გამოიკვეთოს გამოძიების შედეგად, რაოდენ მაღალი თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, ის უნდა მიეცეს პასუხისგებაში.

საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი.

კომენტარები