ადამიანის უფლებები

EMC: სუს-ს მიენიჭა დაუსაბუთებლად ფართო და სახიფათო უფლებამოსილებები

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას აჯამებს. ორგანიზაციის შეფასებით, მიმდინარე წელს განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენდა სახელმწიფოს მხრიდან თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელების არაეფექტურობა, ასევე ინსტიტუციური რეფორმების ზედაპირულობა და ფრაგმენტულობა. EMC-ის აზრით, ეს ვერ უზრუნველყოფს ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას პოლიტიკური და სხვა არასათანადო გავლენებისგან თავისუფალ პირობებში. როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აღნიშნავს, გამოწვევად რჩება ისიც, რომ სახელმწიფოს სტრატეგიული ხედვების და აღიარების მიღმა რჩება სოციალური მოწყვლადობის და სოციალური პოლიტიკის საკითხები.

"მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მომავალ წელს გააძლიეროს მუშაობა ადამიანის უფლებების დაცვის, განსაკუთრებით კი თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ, გეგმის ფარგლებში დაწყებული რეფორმები არ შეწყვიტოს. ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე წინასაარჩევნო პროცესების შესაძლო ნეგატიური გავლენების გათვალისწინებით, აუცილებელია სახელმწიფომ უზრუნველყოს მისი უსაფრთხო, დემოკრატიულ და პლურალურ გარემოში ჩატარება და სახელმწიფო უწყებების პოლიტიკური და რელიგიური ნეიტრალიტეტის განუხრელი დაცვა", - ნათქვამია EMC-ის ანგარიშში.

ორგანიზაციის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოების რეფორმის მიუხედავად, გამოწვევად რჩება პოლიციისა და პროკურატურის ორგანოების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის და ფუნქციური ავტონომიურობის საკითხი.

"სამწუხაროდ, განხორციელებულმა რეფორმამ არ მოიცვა არაერთი ძირეული პრობლემა, რაც ამ სისტემებში არსებობს, მათ შორის, უწყებების დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება, საგამოძიებო სისტემის რეფორმა და სხვა. რეფორმის შედეგად ახლადშექმნილ უსაფრთხოების სამსახურს მიენიჭა დაუსაბუთებლად ფართო და სახიფათო უფლებამოსილებები, მათ შორის, დანაშაულის გამოძიების უფლება. ასევე შეუნარჩუნდა სასამართლო კონტროლის გარეშე პირად ცხოვრებაში ჩარევის შესაძლებლობა. სამართალდამცავი ორგანოები არ იჩენდნენ სათანადო მზადყოფნას დროულად და ეფექტიანად აღეკვეთათ პოლიტიკური ნიშით განპირობებული ძალადობრივი ფაქტები და დაპირისპირების შემთხვევები, ორგანიზებული შეტევები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ოფისებზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სახლებთან განვითარებული მოვლენები და სხვა. პოლიციელთა პოლიტიკური მიუკერძოებლობის საკითხი ასევე დადგა სხვადასხვა რეგიონში წამებისა და ძალადობრივი კადრების საჯარო ჩვენებებისას, როდესაც სამართალდამცავებმა არაეფექტური რეაგირება გამოავლინეს", - აცხადებს ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ კვლავ გამოწვევად დარჩა პოლიციელების მხრიდან მოქალაქეთა წინააღმდეგ ძალის გადამეტების ფაქტები, ასევე მათზე ეფექტიანი რეაგირებისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები.

"სამწუხაროდ, ხელისუფლებას ამ დრომდე არ გამოუხატავს ნათელი პოლიტიკური ნება, შექმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე წელს განსაკუთრებულ გამოწვევად დარჩა მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის, ასევე მათი დაწინაურების არაჯანსაღი და ბუნდოვანი პროცესები და ზოგადად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვლობის და საბჭოს მოქმედებების დაუსაბუთებლობის პრობლემები. კვლავ შენარჩუნდა სასამართლოებში საქმის განაწილების წესთან დაკავშირებული პრობლემები. არაერთი კითხვა გააჩინა მედიასთან და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებში სასამართლოს დაუსაბუთებელმა გადაწყვეტილებებმა.

ნარკოპოლიტიკაში არსებული საკითხების სიმწვავე აჩვენა ნარკოტესტირების შედეგად ლევან აბზიანიძის გარდაცვალებამ ქუთაისში. მიუხედავად მიმდინარე წელს განხორციელებული ცვლილებებისა, ნარკოპოლიტიკა კვლავ რჩება რეპრესიულ და მძლავრ საპოლიციო იარაღად ხელისუფლების ხელში. მიმდინარე წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დიდი ოდენობით მარიხუანას შეძენა-შენახვის საქმეში გაკეთებული მნიშვნელოვანი და პროგრესული განმარტებები სათანადოდ საჭიროებს ასახვას სახელიმწიფოს პოლიტიკასა და კანონმდებლობაში", - ნათქვამია EMC-ის ანგარიშში.

კომენტარები