ბოტანიკური ბაღი

ნარმანია: ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი დეზინფორმაციას ავრცელებს

თბილისის მერია

თბილისის მერი დავით ნარმანია ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორის ბრალდებებს დეზინფორმაციას უწოდებს. მისივე თქმით, უფრო დეტალურ განმარტებას ნინო გოცაძის განცხადებაზე მისი მოადგილე ირაკლი ლექვინაძე გააკეთებს.

"თავად ირაკლი ლექვინაძე გააკეთებს ამაზე განცხადებას, ის აქ არის და ყველა კითხვაზე გიპასუხებთ. მე დეტალურად ასეთ საკითხებში არ ვერევი. არავითარი მსგავსი რამ, რაზეც დეზინფორმაცია ვრცელდება, არ იგეგმებოდა, ბოტანიკური ბაღი თავისი დატვირთვით და დანიშნულებით განვითარდება მომავალში კიდევ უფრო მეტად", - ამბობს ნარმანია.

ბოტანიკური ბაღის ყოფილი ხელმძღვანელის მტკიცებით, დედაქალაქის მთავრობამ ის თანამდებობიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და შესაბამისი დოკუმენტის გაცნობის გარეშე გადააყენა. ნინო გოცაძე ვარაუდობს, რომ მისი გათავისუფლების რეალური მიზეზი თბილისის მთავრობის გეგმებია. კერძოდ, გოცაძის განცხადებით, ქალაქის მთავრობა ბოტანიკური ბაღის ტურისტულ ზონად განვითარებას გეგმავს, რაც სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე დაცულ ტერიტორიას საფრთხეს შეუქმნის. ყოფილი დირექტორის თქმით, აქ გასართობი და რეკრეაციული დანიშნულების მქონე ინფრასტრუქტურული შენობების აშენებაც იგეგმება.

ბოტანიკური ბაღის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებებს გამოეხმაურა თბილისის მერის მოადგილეც. ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ ნინო გოცაძემ თავად დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ.

"ჩვენ გვქონდა საუბარი იმ ხარვეზები შესახებ, რომელიც ბოტანიკურ ბაღში ახლდა მის მუშაობას და ვფიქრობთ, რომ ბოტანიკური ბაღი იმსახურებს უფრო მეტს, ვიდრე ის დღეს არის. ამისათვის მნიშვნელოვანია იქ ახალი მენეჯმენტის არსებობა", - ამბობს ირაკლი ლექვინაძე და დავით ნარმანიას მსგავსად, უარყოფს ნინო გოცაძის გავრცელებულ ინფორმაციას ბოტანიკურ ბაღში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.

კომენტარები