კიბერდანაშაული

2000-ზე მეტი მომხმარებლის Fb გვერდზე შეღწევისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის მიზნით, facebook-ის ავტორიზაციის მსგავსი ვებგვერდის - ე.წ. ფიშერის დამზადების, აღნიშნული ფიშერისა და სხვა პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით facebook-ის სხვადასხვა მომხმარებლის პროფილებზე უკანონო შეღწევის ფაქტზე, 1992 წელს დაბადებული ვასილ ქ. და 1983 წელს დაბადებული რაინდი კ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვასილ ქ-მ მიმდინარე წლის თებერვალში, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის და სხვისი კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ მოპოვების მიზნით, facebook-ის ავტორიზაციის მსგავსი ვებგვერდი დაამზადა დომეინით – htt://facebook-photos.ga/gggg44. ამის შემდეგ, ვასილ ქ. facebook-ში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა შინაარსის პოსტებს ათავსებდა, სადაც ბმულის სახით მის მიერ დამზადებულ ვებგვერდს უთითებდა. დაინტერესებული მომხმარებელი პოსტის გახსნის შემთხვევაში, ბმულზე გადასვლისას, ვასილ ქ-ს მიერ დამზადებულ ყალბ გვერდზე ხვდებოდა, სადაც ხელახალი ავტორიზაცია უნდა გაევლო. ავტორიზაციისას facebook-ის მომხმარებლის სახელი, პაროლი იგზავნებოდა და ინახებოდა ვასილ ქ-ს მიერ ვებჰოსტინგზე სპეციალურად შექმნილ ფაილებში.

"გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნულ ფაილებში აღმოჩენილია facebook.com-ის 1010 მომხმარებელის სახელი და პაროლი. უკანონოდ მოპოვებული, ზემოხსენებული მონაცემების გამოყენებით, ვასილ ქ. უნებართვოდ აღწევდა facebook-ის მომხმარებელთა გვერდებზე და მომხმარებლებს მის მიერ სპეციალურად, რეკლამების განთავსების მიზნით შექმნილ ჯგუფში უნებართვოდ ამატებდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ რაინდი კ-მ, სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვა, შეაღწია და დაშვების პაროლები შეუცვალა facebook-ის მომხმარებლებს. შემდეგ აღნიშნული მომხმარებლების სახელით, მათი პროფილებიდან რეკლამებს პოსტავდა, რაშიც რეკლამის დამკვეთისაგან ანაზღაურებას იღებდა. რაინდი კ-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებულ კომპიუტერულ სისტემებში აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული, facebook.com-ის 1210 მომხმარებლის სახელი და პაროლი. ამჟამად მიმდინარეობს სოციალური ქსელი „facebook.com"-ის მომხმარებლებისთვის პროფილების დაბრუნება", - აცხადებს შსს.

გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი, 158-ე მუხლის 1-ლი და 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით.

კომენტარები