კიბერდანაშაული

შსს: დავაკავეთ ინდოეთის მოქალაქე, რომელმაც სხვისი ანგარიშიდან 9 500 ლარი გადაირიცხა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიბერდანაშაულის გამო ინდოეთის მოქალაქე - 1996 წელს დაბადებული შ.ს. დააკავეს. 

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ერთ-ერთი ბანკის ვებგვერდის მსგავსი, ე.წ. ფიშერული გვერდი შექმნა, რომლის ბმული ამ ბანკის მომხმარებელს გაუგზავნა და მის მონაცემებს დაეუფლა. უწყების ცნობით, შ.ს.-მ უნებართვოდ შეაღწია ამ მომხმარებლის ინტერნეტბანკში და მისი ანგარიშიდან 9 500 ლარი საკუთარ ანგარიშზე გადაირიცხა.

"ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის ნაწილი - 6084 ლარი ბანკომატის მეშვეობით გაანაღდა. 

სამართალდამცველებმა, კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შ.ს. თბილისში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები, პორტატიული კომპიუტერები და საბანკო პლასტიკური ბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო". - წერია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც კომპიუტერული მონაცემების უნებართვო მოპოვებასა და უკანონოდ გამოყენებას, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

კომენტარები