კიბერდანაშაული

შსს: კიბერდანაშაულისთვის 3 პირი დავაკავეთ, ისინი 8 მოქალაქის ანგარიშიდან 72 500 ლარს დაეუფლნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიბერდანაშაულისთვის 3 ადამიანი - 1991 წელს დაბადებული გ.ა. და 1996 წელს დაბადებული ო.ა. და 1995 წელს დაბადებული ბ.ა. დააკავეს და 1 ადამიანი - 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ამხილეს. 

უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვანმა რ.ნ.-მ შექმნა ერთ-ერთი ბანკის მსგავსი ე.წ. ფიშერული გვერი და ის Facebook-ში გაავრცელა. გვერდი მომხმარებლებს გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობდა. მოქალაქეებს შესაბამის ველში ინტერნეტბანკის მონაცემები შეჰყავდათ.

"აღნიშნული მონაცემების საშუალებით, რ.ნ. მოტყუებული მოქალაქეების ანგარიშებზე არსებულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა, რის შემდეგაც ფულს თანამზრახველების საბანკო ანგარიშებზე, ასევე, ციფრული ვალუტის ანგარიშებზე რიცხავდა. 

ბრალდებულმა გ.ა.-მ, აღნიშნულ დანაშაულში ასევე სხვა ბრალდებულ პირებს - ო. ა.-ს და ბ. ა.-ს, გარკვეული სარგებლის დაპირების სანაცვლოდ, ე.წ. ელექტრონული საფულეები დაარეგისტრირებინა, საიდანაც შემდეგ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფარულად დაუფლებული თანხები გაანაღდეს". - წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები 8 მოქალაქის საბანკო ანგარიშებიდან, ჯამში, 72 500 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება ანგარებით ჩადენილი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების "ა" ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით, ასევე, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები