საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ბრალდებით, მოქალაქე ზვიად ერემაძე დააკავა. დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მთავარი პროკურატურის ცნობით, ბრალდებული ზ.ერემაძე მოქალაქეებს უახლოვდებოდა და მათთან საუბრისას იყენებდა პროკურატურისა და სხვა სახელმწიფო უწყების თანამდებობის პირთა სახელებს.
"მათ ატყუებდა, რომ ახლო მეგობრულ ურთიერთობებში იმყოფებოდა აღნიშნულ პირებთან. იგი მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ სამართლებრივი პრობლემების მოგვარების მიზნით შეხვედრებს მართავდა სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების თანამდებობის პირებთან და ამ თანამდებობის პირებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად ცდილობდა მოქალაქეებისთვის გამოეძალა დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ზ. ერემაძემ ნარკოტიკული დანაშაულისათვის ბრალდებულ ერთ-ერთ პირს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, თითქოსდა პროკურატურისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების ცალკეული თანამდებობის პირებისთვის ქრთამის სახით გადასაცემად თაღლითურად გამოართვა 10 000 აშშ დოლარი", - აცხადებენ პროკურატურაში და აღნიშნავენ, რომ ბრალდებულ ერემაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
"პროკურატურა საზოგადოებას მიმართავს, მსგავსი უკანონო ფაქტების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციას", - აცხადებს უწყება.





