თურქეთ-რუსეთი

რუსეთმა თურქეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა

ვლადიმირ პუტინი
newsweek

რუსეთმა თურქეთს რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ეკონომიკური სანქციები დაუწესა. განკარგულებას პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. სანქციების ფარგლებში შეიზღუდება იმპორტი თურქეთიდან რუსეთში, გარკვეული სახის შეზღუდვები ექნებათ რუსეთში მომუშავე თურქულ კომპანიებს და რუსულ კომპანიებს აეკრძალებათ თურქეთის მოქალაქეების დასაქმება.

ბრძანება ასევე ქვეყნებს შორის ჩარტერული რეისების შეწყვეტას ითვალისწინებს. 

ამასთან, პუტინი ბრძანებაში დაჟინებით მოუწოდებს რუსულ ტუროპერატორებს, თავი შეიკავონ თურქეთის საგზურების გაყიდვისგან. აღსანიშნავია, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, სიტუაციის დასტაბილურებამდე თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან.

თურქეთსა და რუსეთს მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირები აქვთ. რუსეთი თურქეთისთვის მეორე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. გასულ წელს კი თურქეთში სამ მილიონზე მეტი რუსი ტურისტი ჩავიდა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთში 90 000-მდე თურქეთის მოქალაქე მუშაობს, ოჯახების ჩათვლით კი რუსეთში მყოფი თურქეთის მოქალაქეების რიცხვი 200 000-მდე აღწევს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა კვირის დასაწყისში თქვა, რომ თურქული პროდუქციის 15% რუსულ სტანდარტებს არ შეესაბამება. ზოგიერთ შემთხვევაში იმპორტი დაიბლოკა და სატვირთო მანქანები საზღვრებთან იდგნენ.

როგორც ცნობილია, იმპორტი ახალი სანქციებით იზღუდება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რას შეეხება აკრძალვა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თურქეთმა რუსეთში 1 მილიარდი ევროს ღირებულების საკვები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გაიტანა. რუსეთის განცხადებით კი, ბოსტნეულის იმპორტის 20% სწორედ თურქეთიდანაა.

თურქული სააგენტო ანადოლუს ინფორმაციით, გასულ წელს რუსეთში გატანილი ტყავის, ტანსაცმლისა და სხვა ქსოვილების ღირებულებამ 1.52 მილიარდი დოლარი შეადგინა.

თურქეთმა საკუთარი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსული თვითმფრინავი 24 ნოემბერს ჩამოაგდო. რუსეთი კი საზღვრის დარღვევას უარყოფს. რუსეთმა უკვე გაწყვიტა სამხედრო კონტაქტები თურქეთთან. ასევე შეაჩერა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

კომენტარები