პენსია

ბაქრაძე: ჩვენი კამპანია არ შეჩერდება, შესაძლებელია პენსიის 50-ლარიანი ზრდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე ასაკობრივი პენსიის 20-ლარიანი ზრდის საკითხს ეხმაურება. მისი თქმით, ეს ნაციონალური მოძრაობისა და საზოგადოების ერთობლივი კამპანიის პირველი შედეგია. თუმცა, ბაქრაძე ამბობს, რომ კამპანია არ შეჩერდება, რადგან პენსიის 50-ლარიანი ზრდის საშუალებას ბიუჯეტი იძლევა.

"ერთი თვის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ ჩვენს პენსიონერებთან ერთად დაიწყო კამპანია ქვეყანაში პენსიის 50-ლარიანი მატების შესახებ. დღეს ჩვენ ვიხილეთ ამ კამპანიის პირველი შედეგი, როდესაც ვაიძულეთ მთავრობა, გაეთვალისწინებინა მომავალი წლის ბიუჯეტში პენსიების ნაწილობრივი ზრდა. რატომ ვამბობ, ვაიძულეთ? იმიტომ, რომ მთელი ამ ერთი თვის განმავლობაში მთავრობისგან გვესმოდა, რომ პენსიის ზრდა არის პოპულიზმი და ამის რესურსი არ არსებობს. იმიტომ, რომ ბიუჯეტი უკვე ორჯერ იყო შემოტანილი პარლამენტში და არცერთ პროექტში არ იყო არცერთი თეთრი გათვალისწინებული პენსიების ზრდისთვის. ის, რომ 20 ლარით რომ იზრდება პენსიები, ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა აქტივობამ, ჩვენი საზოგადოების, პენსიონერების აქტივობამ გამოიღო პირველი შედეგი და ვულოცავ თითოეულ პენსიონერს მათი შრომით და მათი აქტიურობით მიღწეულ პირველ შედეგს. 

მაგრამ ჩვენი კამპანია არ შეჩერდება. წინ არის უმძიმესი ზამთარი, არავის შეუძლია, თქვას, როგორ მოიმატებს ფასები პროდუქტებსა და მედიკამენტებზე; არავის შეუძლია, თქვას, რამდენად გაუფასურდება ლარი და როგორი იქნება დოლარის კურსი მომავალ წელს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი კამპანია გაგრძელდება და ჩვენ საზოგადოებასთან, ჩვენს პენსიონერებთან ერთად ვითხოვთ პენსიის 50-ლარიან ზრდას უკვე 1 იანვრიდან. ამის რესურსი ბიუჯეტში არსებობს, ეს რესურსი არის თანხა, რომელიც ბიუჯეტში ჩადებულია ჩინოვნიკების და მთავრობის წევრების ფუფუნებისთვის, მათი პრემიების და დანამატებისთვის. ამიტომ რესურსი არის და ჩვენს საზოგადოებასთან, პენსიონერებთან ერთად ვითხოვთ, რომ პენსიის ზრდა იყოს არა 20-ლარიანი და არა არჩევნების წინ, როგორც ამას ჰპირდება მთავრობა, არამედ 50-ლარიანი და მთელი მომავალი წლის განმავლობაში. ამას აუცილებლად მივაღწევთ. თუ მთავრობა ამას არ დასთანხმდება, გპირდებით, რომ ამას გავაკეთებთ ჩვენ 2016 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც მშვიდობიანი არჩევნების საშუალებით გავუშვებთ სახლში ამ ხელისუფლებას", - თქვა ბაქრაძემ.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ 2016 წლის 1 ივლისიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება.

კომენტარები