კანადაში გამართულ ჰალიფაქსის საერთაშორისო ფორუმზე, სირიაში შექმნილი ვითარებასა და ტერორიზმთან ერთად, განხილვის თემები რუსეთ-უკრაინის და რუსეთ-საქართველოს ომებიც იყო. ამ საკითხებთან დაკავშირებით ფორუმზე მიწვეულ მსმენელს საკუთარი ხედვები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გაუზიარა. თინა ხიდაშელის თქმით, თუ ცივილიზებული სამყარო უკრაინაშიც დამარცხდება, მაშინ შემდეგი გამოწვევა უფრო მტკივნეული და დამანგრეველი იქნება.
"ფაქტი, რომ საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობს, რუსეთისთვის უკვე პროვოკაციაა. ისიც, რომ საქართველომ გააკეთა არჩევანი და არ უნდა იყოს რუსეთთან ერთად, რუსეთისთვის საკმარისი მიზეზია იმის გასაკეთებლად, რაც მათ სურთ. ყველა საუბრობს იმაზე, დაიწყო თუ არა რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წლის აგვისტოში, სინამდვილეში ეს ყველაფერი 1991 წელს მოხდა, როდესაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა. სწორედ მაშინ დაიწყო ომი, ჩვენ ამ ბრძოლას ჩვენი დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან ვაწარმოებთ" - თქვა ხიდაშელმა.
ჰალიფაქსის საერთაშორისო ფორუმი ყოველწლიურად იმართება და კონფერენციაზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებს 60-ზე მეტი ქვეყნის 300 წარმომადგენელი განიხილავს.





