რაგბი

ლეგენდარული მორაგბე ჯონა ლომუ გარდაიცვალა

PHOTOSPORT

მსოფლიო რაგბის ლეგენდა, ახალზელანდიელი ჯონა ლომუ დღეს დილით ქალაქ ოკლენდში, 40 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა. ლომუ 1996 წლიდან უიშვიათეს და საკმაოდ სერიოზულ თირკმლების დაავადებას ებრძოდა, რომელსაც ნეფროზულ სინდრომს უწოდებენ. სწორედ ამ დაავადებამ დაასრულებინა ლომუს 2002 წელს სპორტული კარიერა. 2004 წელს მას თირკმლები გადაუნერგეს, თუმცა, გადანერგილმა ორგანომ 2011 წელს შეწყვიტა ფუნქციონირება. ლომუ მეორედ აპირებდა თირკმლების გადანერგვას. ის ორგანოს მომლოდინეთა სიაში იმყოფებოდა.

All Blacks-ის ყოფილმა ექიმმა ჯონ მეიჰიუმ განაცხადა, რომ ლომუს გარდაცვალება მისთვის და ლომუს ოჯახისთვის ძალიან მოულოდნელი იყო, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დროს საკმაოდ სტაბილური იყო. ლომუს მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა.

40 წლის მორაგბემ ხანმოკლე კარიერის განმავლობაში All Blacks-ის შემადგენლობაში 63 მატჩი ჩაატარა და 37 ლელო გაიტანა. ლომუ მსოფლიომ 1995 წლის მსოფლიო თასის მსვლელობისას გაიცნო და მას მალევე უწოდეს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბის სახელი. 2002 წელს, დაავადებასთან დაუსრულებელი ბრძოლის გამო, მან კარიერა ნაადრევად 27 წლის ასაკში დაასრულა.

კომენტარები