რაგბი

"ალბათ, არ ჩატარდება, არაა მიზანშეწონილი" – ზარქუა საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე

ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ, სავარაუდოდ, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი არ ჩატარდება. 

"მგონია, რომ, ალბათ, არ ჩატარდება. ამასთან დაკავშირებით განცხადება შესაბამსიად გაკეთდება ოფიციალური. ნუ დავასწრებთ მოვლენებს. შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ განცხადებას, რომ ახლა, ამ მოცემულ სიტუაციაში, მგონია, რომ მისი ჩატარება არ არის მიზანშეწონილი". - ამბობს ზარქუა. 

საქართველო-რუსეთის მატჩი, 27 თებერვალს, დინამო არენაზე, 18:00 საათზე არის დაგეგმილი.

22 თებერვალს ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ საქართველო-რუსეთის მატჩზე ევროპელები და მათი მხარდამჭერები რუსეთის ჰიმნს უკრაინის დროშებით უპასუხებენ - პარტია უკრაინის მხარდასაჭერად მატჩის დაწყებამდე დროშების დარიგებას გეგმავს.  

უკრაინის მხარდასაჭერად საზოგადოებას მატჩზე დროშებით მისვლისკენ მოუწოდა სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიამაც

"გავავსოთ სტადიონი საქართველოსა და უკრაინის დროშებით" - დაწერა სირცხვილიამ.   

საპასუხოდ, ქართული ოცნების პროპაგანდა უკრაინის მხარდაჭერას პროვოკაციად აფასებს, თბილისის მერი, კახა კალაძე კი ამბობს, რომ სპორტი პოლიტიკისგან უნდა გაიმიჯნოს. ბოკერიამ კალაძეს მიმართა, თუ რომელ წესს არღვევს პარტია ან საქართველოს მოქალაქე სტადიონზე ეროვნული სიმბოლიკის გამოფენით.  

"ვისთვისაც საქართველოსა და უკრაინის დროშები არის შეურაცხყოფა და პროვოკაცია, იმის გრძნობებს უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ?" - მიმართავს ბოკერია კალაძეს. 

კომენტარები