კრიმინალი

რქოსანი პირუტყვის, სეიფის და აგრობარათების ქურდობისთვის ოთხი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 1996 წელს დაბადებულმა შაჰინ ბ-მ, 1992 წელს დაბადებულმა სირხან ა-მ, 1994 წელს დაბადებულმა ნურბაბა ხ-მ და 1995 წელს დაბადებულმა თაჯირ ჯ-მ საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში, 17 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ფერმიდან მოიპარეს. ამას გარდა, სირხან ა-მ, ნურბაბა ხ-მ, და თაჯირ ჯ-მ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრში ღამით ფანჯრიდან ფარულად შეაღწიეს, სეიფი, პლასტიკური აგრობარათები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

"სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები დანაშაულების ჩადენიდან რამდენიმე დღეში საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოსა და სოფელ ლამბალოში დააკავეს. მოპარული სეიფი სოფელ ლამბალოში წყლის არხიდან, ხოლო ნურბაბა ხ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას საბანკო პლასტიკური აგრობარათები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე სირხან ა-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებულია არარეგისტრირებული, ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი და 8 საბრძოლო ვაზნა, ხოლო შაჰინ ბ-ს პირადი ჩხრეკისას – არარეგისტრირებული პისტოლეტი ერთი მჭიდით და 7 საბრძოლო ვაზნით. სამართალდამცველებმა გაყიდულ ხუთ სულ პირუტყვს სოფელ ლამბალოში მიაკვლიეს და პატრონებს დაუბრუნეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულებს", - აცხადებს შსს.

გამოძიება ოთხივე დაკავებულის მიმართ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (პირველ ეპიზოდზე – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ", მე-3 ნაწილის „ა" და მე-4 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით, მეორე ეპიზოდზე – სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით).

ხოლო სირხან ა-ს მიმართ გამოძიება ასევე მიმდინარებს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ხოლო შაჰინ ბ-ს მიმართ - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით); თაჯირ ჯ-ს მიმართ გამოძიება - ერთ ეპიზოდში დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, ხოლო მეორე ეპიზოდში კი ქურდობის ჩადენაში დახმარებისათვის მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 375-ე და სსკ-ის 24-177-ე მუხლებით).

კომენტარები