რუსთავი 2-ის საქმე

სალია: თუ დროებით მმართველებს შენობაში არ უშვებენ, R2 დისტანციურად უნდა მართონ

პაატა სალია
რუსთავი 2

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას თქმით, თუკი დროებით მმართველებს ტელეკომპანია რუსთავი ორის შენობაში არ უშვებენ, დისტანციური მმართველობა უნდა მოხდეს. მთელ კვირასთან საუბარში სალია ამბობს, რომ "ყარამანიშვილებმა კონფრონტაციული ტონი შეარჩიეს", ამიტომაც, ადვოკატის მოსაზრებით, უმჯობესია, დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა რაიმე სხვა გზა მოძებნონ. 

"ელექტრონული სისტემები არსებობს და თუკი გვარამიას ავტორიზაცია აქვს, დღესაც შეუძლია განახორციელოს ტრანზაქციები და შემდეგ ეს დროებით მმართველებს დაბრალდეთ. მე არანაირი უფლება არ მაქვს დროებით მმართველებს მითითება მივცე და მათ არც შევხვედრივარ, მაგრამ ჩემი აზრია, რომ დროებითმა მმართველებმა რაღაც ღონისძიებებს უნდა მიმართონ და მოქმედება დაიწყონ. მათი პრობლემაა, ამ ყველაფერს როგორ მოახერხებენ. ამ პროცესებში მე ვერ ჩავერევი და მითითებას ვერ მივცემ. ყარამანიშვილებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ ისინი დროებით მმართველებთან სასაუბრო თემას ვერ ხედავენ. ეს სიტუაციის ესკალაციის მცდელობაა. მგონია, რომ ისინი ამ გადაწყვეტილების მიღებისას კომპანიის ბედზე, მის ფინანსურ მდგომარეობაზე არ ფიქრობდნენ. დროებითი მმართველების გარდა, არ არსებობს სხვა პირი, ვისაც კომპანიის სახელით რაიმეს განხორციელების უფლებამოსილება გააჩნია. ჩვენ გვაღელვებს ის, რომ არ შეფერხდეს კომპანიის საქმიანობა და მან ზიანი არ განიცადოს. ჩვენს მოქმედებებზე ჩვენი მოწინააღმდეგის ყოველი საპასუხო მოქმედება მაძლევს გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ მათი ინტერესი არ არის კომპანიის სტაბილურობა, მიზანი ცოტა სხვა რამეა, თუნდაც იმ საუბრებიდან გამომდინარე, როდესაც მესამე პირები კომპანიის ხელმძღვანელობას არეულობის მოწყობაზე აძლევდნენ დავალებებს," - აცხადებს სალია და აღნიშნავს, რომ თუკი დროებით მმართველებს ტელეკომპანიის შენობაში არ უშვებენ, დისტანციური მმართველობა უნდა მოხდეს.

"აუცილებელი არ არის ფიზიკურად შენობაში შესვლა, შესაძლებელია ამის რეგულირება სხვანაირი, მშვიდობიანი გზით. შეიძლება იგივე საბანკო დაწესებულებებთან, იგივე საგადასახადო ორგანოებთან კომუნიკაციის დამყარება და ასევე გარკვეული მუშაობის დაწყება კონკრეტული პირებისაგან. არიან ბუღალტრები და შესაძლებელია მათთვის დავალებების მიცემა და განხორციელება. მათ არ აქვთ უფლება, არ დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას და სასამართლოს მიერ დანიშნული პირების დავალებას. შესაბამისად, ის კონფრონტაციული ტონი, რაც დღევანდელ უფლებაშეჩერებულ ხელმძღვანელს აქვს, არაფრის მომცემია კომპანიისათვის და აზარალებს მას," - ამბობს ადვოკატი მთელ კვირასთან საუბარში.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეიდან სამოქალაქო საზოგადოებამ თავისუფალი სიტყვის დასაცავად ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესასვლელთან 24-საათიანი მორიგეობა დაიწყო. ისინი მოუწოდებენ მსურველებს, მათთან ერთად დაიცვან ტელევიზია ნებისმიერი თავდასხმისგან.

კომენტარები