სამომხმარებლო ბაზარი

ნამჩავაძე: ანტიდემპინგური კანონი იმპორტიორების დასჯის ინსტრუმენტი იქნება

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის ეკონომისტის ბესო ნამჩავაძის შეფასებით, ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება მთავრობის მხრიდან იმპორტიორი კომპანიების დასჯას შესაძლოა ისახავდეს მიზნად. ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, აღნიშნული კანონის მიღება უდიდესი სიკეთე იქნება. მთავრობას კანონპროექტის პირვანდელი ვერსია ჯერ არ წარუდგენია. 

"არ ვეთანხმები ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღებას. შესაძლოა თეორიულად არსებობს შანსი, რომ დაიწეროს ისეთი კარგი კანონი, რომ რაღაც დიდად არც დააზიანოს, მაგრამ ჩვენს რეალობაში ეს ნაკლებად წარმომიდგენია, რადგან მაქვს მოლოდინი, რომ ეს უფრო იქნება იმპორტიორების დასჯის ერთ-ერთი ინსტრუმენტი", - ამბობს ნამჩავაძე. 

მთავრობა ანტიდემპინგურ კანონმდებლობაზე ადგილობრივი მწარმოებლების დაცვის მოტივით მუშაობს. ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, შესაძლოა მოხდეს ისეთი შემთხვევა, როდესაც ბაზრის დაპყრობის მიზნით, რომელიმე კომპანიამ საქონლის სუბსიდირება დაიწყოს, რითიც ადგილობრივი მწარმოებლები დაზარალდებიან. 

"აგიხსნით რაციონალს, თუ რა დგას ამ კანონის უკან, როდის მივიღებთ ამ კანონს, ეს განხილვის თემა არის, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ანტიდემპინგი არის აბსოლუტურად საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამის ჩარჩოებში არსებული კანონმდებლობა, რომელიც აქვს საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, ჩვენ აქ არაკონვენციურს არაფერს ვაკეთებთ. შესაბამისად, ეს არის ელემენტარული ზომა იმისათვის, რომ შენ დაიცვა შენი მეწარმე იმ შემთხვევაში, თუ ვიღაცა არაკეთილსინდისიერად ექცევა შენს ბაზარს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომპანიები ზოგიერთ შემთხვევაში საქონელს მის თვითღირებულებასთან მიახლოებულ ფასადაც ყიდიან, რაც მრავალ მიზანს, მათ შორის, მომხმარებლების მოზიდვას, ფინანსური დანაკარგის თავიდან არიდებას და ა.შ. შეიძლება მოიცავდეს. ასევე საკმაოდ რთულია იმის დადგენა, თუ რა წარმოადგენს დემპინგურ ფასს. საქართველოში მოხმარებული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოურია, ვაჭრობით დაკავებული კომპანიების 2/3-ზე მეტი სწორედ იმპორტული საქონელით ვაჭრობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი რეგულაციები მათი დიდი ნაწილისთვის პოტენციურ რისკს შეიძლება წარმოადგენდეს.

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით მე-11 ადგილზეა, რაც ქვეყანაში რეგულაციების დაბალი დონის შედეგია. რეიტინგის მიხედვით, საქართველო საგარეო ვაჭრობის სიმარტივის მიხედვით მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, რაც ამ სფეროში რეგულაციების დაბალ დონეს უკავშირდება. ანტიდემპინგური კანონმდებლობა კი სწორედ საერთაშორისო ვაჭრობის შემზღუდველი ნორმაა, რაც ამ მიმართულებით საქართველოს პოზიციებზე სავარაუდოდ უარყოფითად აისახება. 

ანტიდემპინგური ნორმების მიღებით შესაძლოა საქართველოს მოსახლეობაც დაზარალდეს. თუკი იმპორტიორი კომპანია ადგილობრივ მწარმოებლებზე იაფად სთავაზობს მოსახლეობას პროდუქციას, ამ დროს მოსახლეობა მოგებული რჩება, რადგანაც მათი მსყიდველუნარიანობა ამ საქონლის მიმართ იზრდება. უცხოური შედარებით იაფი ალტერნატივის გაქრობის შემთხვევაში კი მოსახლეობის, კონკრეტულად კი მისი შედარებით დაბალშემოსავლიანი ნაწილის, მსყიდველუნარიანობა შემცირდება.

ანტიდემპინგურ ნორმებს სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების წახალისების მიზნით იღებს. ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება ქვეყანაში ბიზნესგარემოსთვის ახალი რეგულაციის დაწესება იქნება, რომელიც კონკრეტულ კომპანიებს სახელმწიფოს მხრიდან პროტექციონისტულ მდგომარეობაში ჩააყენებს. 

თუკი კომპანიები ორიენტირებული იქნებიან საქართველოს 3.7-მილიონიან ბაზარზე და, ამავდროულად, მათ სახელმწიფოსგან ექნებათ გარანტია, რომ ადგილობრივი ბაზარი უცხოური იაფი პროდუქციისგან იქნება დაცული, ამით ქვეყანაში ეფექტიანობის შემცირება შეიძლება მოხდეს, რადგანაც მოსახლეობას გაუძვირდება პროდუქტები, რომლებსაც ისინი უცხოური მომწოდებლებისგან ყიდულობენ.

ქართული ოცნების დეპუტატები მსგავსი კანონპროექტის შექმნას მიესალმებიან, ფრაქცია მრეწველების წევრი გოგი თოფაძე ქვეყანაში დემპინგის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ადრეც საუბრობდა.

კომენტარები