რუსთავი 2-ის საქმე

ფხალაძე: პარტნიორების ნებისმიერი განცხადება უნდა იყოს უაღრესად საყურადღებო

თენგიზ ფხალაძე
ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის პარტნიორების განცხადებები უნდა იყოს უაღრესად საყურადღებო და მნიშვნელოვანი. 

"ნებიმიერი განცხადება, რომელიც კეთდება ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ეს არის და უნდა იყოს უაღრესად საყურადღებო და უაღრესად მნიშვნელოვანი. მით უმეტეს, როდესაც კეთდება განცხადებების მთელი კასკადი და ეს არ არის პირველი განცხადება და არამხოლოდ ერთი უწყებიდან და ერთი სახელმწიფოდან, ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მივადევნოთ მას თვალი, ძალიან კარგად უნდა შევისწავლოთ. პრეზიდენტმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ქართული სახელმწიფო და არ დავაზიანოთ ქვეყანა" - აცხადებს ფხალაძე.

5 ნოემბერს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე მმართველ კოალიციას მოუწოდა არ ჩაიკეტოს საკუთარ თავში და გაითავისოს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობა, ასევე თავი შეიკავოს არადიპლომატიური განცხადებებისგან. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არსებული ვითარება ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს აზიანებს.

კომენტარები