რუსთავი 2-ის საქმე

EPP: საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმის გზაზე მიდის

maszol.ro

რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, ჯოსეფ დოლი გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმის გზაზე მიდის. არ არსებობს დემოკრატია, როდესაც თავისუფალი მედია შეზღუდულია, ხოლო ტელეარხები ძალით წართმეული. დამოუკიდებელი და პლურალისტული მედია არის ფუნდამენტური ევროპული უფლება და არსებითია გამჭვირვალე და თავისუფალი საზოგადოებისთვის. სარედაქციო დამოუკიდებლობა არა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებას ემსახურება, არამედ მთავრობას ანგარიშვალდებულსაც ხდის. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს დაცული. შერჩევითი სამართალი, რომელიც მთავრობის ინტერესებს ემსახურება, გამოწვევაა საქართველოს მომავლისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისთვის. პოლიტიკური კონკურენცია და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება დაცული უნდა იყოს, განსაკუთრებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“ - ნათქვამია განცხადებაში.

5 ნოემბერს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერდა და რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს 3 ნოემბერს მიაკუთვნა. თუმცა იქამდე, 2 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის ამოქმედება გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩერა. შესაბამისად, მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება იქამდე არ უნდა აღსრულებულიყო, სანამ საქმეს სამივე ინსტანციის სასამართლი არ განიხილავდა.

კომენტარები