რუსთავი 2-ის საქმე

სახ. დეპ: რ2-ის მენეჯმენტის შეცვლის მცდელობას ექნება ღრმა პოლიტიკური შედეგები

www.state.gov

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს აფასებს. პრესმდივნის ჯონ კირბის განმარტბით, კრიტიკული აზრი დემოკრატიულ საზოგადოებაში წახალისებული უნდა იყოს და არა ჩახშობილი.

"ამერიკის შეერთებული შტატები უკიდურესად შეშფოთებულია რუსთავი 2-ის საქმის გამო და ამ საქმის შედეგების გამო მედიის თავისუფლებაზე, პოლიტკურ პლურალიზმსა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საქართველოში. სააპელაციო პროცესის დასრულებამდე ტელეარხის მენეჯმენტის შეცვლის მცდელობას ექნება ღრმა პოლიტიკური შედეგები. დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა ხდებოდეს კრიტიკული აზრის წახალისება და არა ჩახშობა. მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და დამოუკიდებელი სასამართლო ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს არსებითი ფუნდამენტია და კრიტიკული მნიშვნელობა აქვს საქართველოს წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ამის შესახებ ყურადღება გავამახვილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიაზე და ჩვენმა საელჩომ თბილისში ეს მესიჯი როგორც პირადად, ასევე საჯაროდ მიაწოდა. ვახსენებ ელჩ კელის განცხადებას, ასევე ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად ჩვენს საერთო განცხადებას. არ მინდა ვისაუბრო ჰიპოთეზებზე მოსალოდნელი შედეგების შესახებ. კვლავ ვუსვამთ ხაზს იმ პოზიტიურ შედეგებს, რომელთა დანახვაც გვსურს საქართველოს ლიდერების მიერ," - განაცხადა კირბიმ.

ცნობისთვის, 5 ნოემბერს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერდა და რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს 3 ნოემბერს მიაკუთვნა. თუმცა იქამდე, 2 ნოემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო და დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის ამოქმედება გადაწყვეტილების გამოტანამდე შეაჩერა. შესაბამისად, მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილება იქამდე არ უნდა აღსრულებულიყო, სანამ საქმეს სამივე ინსტანციის სასამართლი არ განიხილავდა.

კომენტარები