სამომხმარებლო ბაზარი

უცხოური საქონლის თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაყიდვა შესაძლოა აიკრძალოს

wikimedia.org

მთავრობა ანტიდემპინგურ კანონმდებლობაზე მუშაობს. ანტიდემპინგი საგარეო ვაჭრობის შემზღუდველ ნორმებს მოიცავს, რომლებიც უცხოურ კომპანიებს ბარიერს უწესებს, რათა მათ ის პროდუქცია, რომელიც ქვეყნის შიგნითაც იწარმოება, სავარაუდო თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად არ გაყიდონ. ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, უცხოურმა კომპანიამ ადგილობრივი ბაზრის დაპყრობის მიზნით, შესაძლოა განგებ დაბალი ფასები დააწესოს, რითიც ადგილობრივ კომპანიებს აზარალებს.

მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის განმარტებით ანტიდემპინგური კანონმდებლობა მოიცავს: "უცხოეთში დამზადებული პროდუქტისთვის უფრო დაბალი ფასის მინიჭება იმ ბაზარზე, რომელზედაც აღნიშნული პროდუქტი იყიდება." WTO-ს სტანდარტების მიხედვით დემპინგად შეიძლება ჩაითვალოს ქმედება ორ შემთხვევაში:

  1. როდესაც იმპორტიორი კომპანიები პროდუქტის ადგილწარმოშობის ქვეყანაში არსებულ თვითღირებულების ფასზე ნაკლებად ყიდიან საქონელს უცხო ქვეყანაში.
  2. როდესაც იმპორტიორი კომპანიები პროდუქტის ადგილწარმოშობის ქვეყანაში არსებულ ნორმალურ ფასზე ნაკლებად ყიდიან საქონელს უცხო ქვეყანაში.

"აგიხსნით რაციონალს, თუ რა დგას ამ კანონის უკან, როდის მივიღებთ ამ კანონს, ეს განხილვის თემა არის, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ანტიდემპინგი არის აბსოლუტურად საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამის ჩარჩოებში არსებული კანონმდებლობა, რომელიც აქვს საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, ჩვენ აქ არაკონვენციურს არაფერს ვაკეთებთ. შესაბამისად, ეს არის ელემენტარული ზომა იმისათვის, რომ შენ დაიცვა შენი მეწარმე იმ შემთხვევაში, თუ ვიღაცა არაკეთილსინდისიერად ექცევა შენს ბაზარს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ვიცეპრემიერი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ემხრობოდა მსგავსი კანონმდებლობის შემუშავებას. კვირიკაშვილის თქმით, არსებობს რისკი, რომ კომპანია დემპინგური ფასის დაწესების შემდეგ ადგილობრივ კომპანიებს გააკოტრებს, რის შემდეგაც ის ბაზარზე მონოპოლისტი გახდება.

კომპანიები ზოგიერთ შემთხვევაში საქონელს მის თვითღირებულებასთან მიახლოებულ ფასადაც ყიდიან, რაც მრავალ მიზანს, მათ შორის, მომხმარებლების მოზიდვას, ფინანსური დანაკარგის თავიდან არიდებას და ა.შ. შეიძლება მოიცავდეს. ასევე საკმაოდ რთულია იმის დადგენა, თუ რა წარმოადგენს დემპინგურ ფასს. საქართველოში მოხმარებული პროდქციის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოურია, ვაჭრობით დაკავებული კომპანიების 2/3-ზე მეტი სწორედ იმპორტული საქონელით ვაჭრობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი რეგულაციები მათი დიდი ნაწილისთვის პოტენციურ რისკს შეიძლება წარმოადგენდეს.

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით მე-11 ადგილზეა, რაც ქვეყანაში რეგულაციების დაბალი დონის შედეგია. რეიტინგის მიხედვით, საქართველო საგარეო ვაჭრობის სიმარტივის მიხედვით მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა, რაც ამ სფეროში რეგულაციების დაბალ დონეს უკავშირდება. ანტიდემპინგური კანონმდებლობა კი სწორედ საერთაშორისო ვაჭრობის შემზღუდველი ნორმაა, რაც ამ მიმართულებით საქართველოს პოზიციებზე სავარაუდოდ უარყოფითად აისახება. 

ანტიდემპინგური ნორმების მიღებით შესაძლოა საქართველოს მოსახლეობაც დაზარალდეს. თუკი იმპორტიორი კომპანია ადგილობრივ მწარმოებლებზე იაფად სთავაზობს მოსახლეობას პროდუქციას, ამ დროს მოსახლეობა მოგებული რჩება, რადგანაც მათი მსყიდველუნარიანობა ამ საქონლის მიმართ იზრდება. უცხოური შედარებით იაფი ალტერნატივის გაქრობის შემთხვევაში კი მოსახლეობის, კონკრეტულად კი მისი შედარებით დაბალშემოსავლიანი ნაწილის, მსყიდველუნარიანობა შემცირდება.

ანტიდემპინგურ ნორმებს სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების წახალისების მიზნით იღებს. ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება ქვეყანაში ბიზნესგარემოსთვის ახალი რეგულაციის დაწესება იქნება, რომელიც კონკრეტულ კომპანიებს სახელმწიფოს მხრიდან პროტექციონისტულ მდგომარეობაში ჩააყენებს. 

თუკი კომპანიები ორიენტირებული იქნებიან საქართველოს 3.7-მილიონიან ბაზარზე და, ამავდროულად, მათ სახელმწიფოსგან ექნებათ გარანტია, რომ ადგილობრივი ბაზარი უცხოური იაფი პროდუქციისგან იქნება დაცული, ამით ქვეყანაში ეფექტიანობის შემცირება შეიძლება მოხდეს, რადგანაც მოსახლეობას გაუძვირდება პროდუქტები, რომლებსაც ისინი უცხოური მომწოდებლებისგან ყიდულობენ.

ქართული ოცნების დეპუტატები მსგავსი კანონპროექტის შექმნას მიესალმებიან, ფრაქცია მრეწველების წევრი გოგი თოფაძე ქვეყანაში დემპინგის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ადრეც საუბრობდა

კომენტარები