რუსთავი 2-ის საქმე

ხალვაში: სიმართლემ იზეიმა, სააკაშვილი აღარ არის რუსთავი 2-ის პატრონი

დღეს მოხდა ის, რისიც 10 წელია მჯერა და რისთვისაც ბრძოლა 10 წელია, არ შემიწყვეტია. დღეს სასამართლოში დამარცხდა მიშა სააკაშვილი, რომელიც უკვე აღარ არის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პატრონი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორედ სამართლიანობის აღდგენის პროცესის რეალური დასაწყისი. მიუხედავად იმისა, თუ როგორ გაგრძელდება სამართლებრივი პროცესი შემდგომი ინსტანციის სასამართლოებში, მე გამარჯვებული ვარ, რამდენადაც არა დაშინებითა და ზეწოლით, არამედ ცივილიზებულად, სასამართლოს გზით, დავამტკიცე ჩემი სიმართლე და ჩემი განადგურების მოსურნე ოდესის გუბერნატორმა საკადრისი სამართლებრივი პასუხი მიიღო. თუმცა, დღეს ეს უკვე აღარ არის მთავარი. კარგად მესმის, რომ ჩემი სამართლებრივი ბრძოლა რუსთავი 2-ის დასაბრუნებლად ნაციონალური მოძრაობის და პირადად სააკაშვილის მიერ საყოველთაო აჟიოტაჟის საგნად არის ქცეული. დღეს სულ სხვა რამ მაღელვებს. ესაა იმ ადამიანების ბედი, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ მოყვნენ წლების მანძილზე სააკაშვილის მიერ დატერორებული ტელეკომპანიების ცრუ და პროპაგანდისტულ მექანიზმში. რუსთავი 2-ის თანამშრომლებზე ვსაუბრობ. მე მათ გუშინაც მივმართე და დღესაც მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო - მე მართლაც კარგად მესმის, რა ტერორის და ზეწოლის ქვეშ იმყოფებით დღემდე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მეპატრონის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. დღეს ეს ტერორი დასრულდა! მე გარწმუნებთ და კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ თქვენგან არცერთი პროფესიონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან. საქართველოში მართლაც შეიძლება ხარისხიანი, სარედაქციო დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების მქონე, კრიტიკული და ამავდროულად მომგებიანი ტელე-ბიზნესის კეთება და ერთად გავაკეთებთ ამას. სიმართლე ერთია და ის ყოველთვის არა ძალადობის, არამედ თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფლების მხარესაა. დღეს სიმართლემ იზეიმა და დიდი ბოროტება დამარცხდა. გილოცავთ!

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

კომენტარები