სტალინის ძეგლი

სტალინის ძეგლის დემონტაჟის ხელის შეშლისთვის შორაპნის მაჟორიტარი დააკავეს

ZESTAFONI.GE

ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპანში სტალინის ძეგლი აიღეს. პირველი არხის ცნობით, დემონტაჟის ხელის შეშლისთვის პოლიციამ ზესტაფონის რაიონის საკრებულოს წევრი და შორაპნის მაჟორიტარი კობა გოჩალეიშვილი დააკავა.

ძეგლი სოფელში სწორედ გოჩალეიშვილის ინიციატივით დადგეს. მოსახლეობის პროტესტის შემდეგ კი, ადგილობრივმა ხელისუფლებამ განმარტა, რომ ისინი ინფორმირებულები არ იყვნენ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, „შორაპანში სტალინის ძეგლის დადგმის ნებართვა ზესტაფონის ადგილობრივ თვითმმართველობას არ გაუცია. ამ საკითხებზე მუნიციპალიტეტისთვის არავის მიუმართავს, შესაბამისად, საკითხი განსახილველად არც კი დამდგარა. მოცემულ შემთხვევაში ადგილი გვაქვს ზესტაფონის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის მხრიდან თვითნებობასთან. ზედამხედველობის სამსახურმა, იმის გამო, რომ ძეგლის დადგმა იყო უკანონო, განახორციელა დემონტაჟი. ძეგლს გადავიტანთ და შევინახავთ შესაბამის ტერიტორიაზე. თუ შემოვლენ ინიციატორები საკრებულოში შესაბამისი თხოვნით, მაშინ საკრებულო განიხილავს ამ საკითხს და, შესაბამისად, გასცემს პასუხს".

კომენტარები