რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-მა საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება მიიღო

facebook.com/rustavi2

რუსთავი 2 საზოგადოებრივ საბჭოს შექმნის. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი ლაფერაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა. მისი განმარტებით, საბჭოს ჩამოყალიბება სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. 

"ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც კონტროლს გაუწევს იმ კონტენტს, რასაც რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახური ამზადებს. ეს მოიცავს, როგორც ახალ ამბებს, ასევე ანალიტიკურ და პოლიტიკურ პროგრამებსაც... საბჭო იფუნქციონირებს არხის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. მისცემს არხს რეკომენდაციებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმარტულებით. იქნება დავების განხილველი მეორე ინსტანციის ორგანო დააფიქსირებს დარღვევებს და გასცემს ამ დარღვევების აღმოფხვრის რეკომენდაციებს," - აღნიშნა ლაფერაშვილმა.

მისივე თქმით, მათ საბჭოს წევრობა შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს და კერძო პირებს შესთავაზეს:

• ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
• საერთაშორისო გამჭვირვალობა
• საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
• სიდა
• მედიის განვითარების ფონდი
• სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
• საქართველოს რეფორმების ასოციაცია
• ფონდი ინტერნიუსი
• ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

• ჟურნალისტი ნინო ჯაფიაშვილი
• მედიამკვლევარი ნინო დანელია
• ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლის დეკანი ნინო ივანიშვილი.

კომენტარები