ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა უკვე დატოვა. მისი თქმით, გიგა ბოკერიას დაკითხვა დაახლოებით კიდევ 2 საათს გასტანს. გვარამიამ დაკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრა, რადგან, მისი განმარტებით, საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს. ტელეკომპანიის დირექტორმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ტელეფონით 19 ოქტომბერს ისაუბრა და, შესაბამისად, ჩანაწერიც ამ დღესაა გაკეთებული.
"შეკითხვებს მე ვერ გავამხელ იმიტომ, რომ საქმე არის გრიფით საიდუმლო და გაგვაფრთხილეს, რომ ამასთან დაკავშირებით ვისაუბროთ მხოლოდ ზოგადად. მთავარი პრობლემა რაც აქვს გამოძიებას, მიხეილ სააკაშვილთან ჩემი საუბრის სრულიად არასწორი ინტერპრეტაციაა. როგორც ჩანს, ძალიან ჭრით ტერმინები ყურს. მაგალითად ისეთი, როგორიც არის "ბოევიკი", "რევოლუციური სცენარი". შეიძლება, ეს მართლა ეხამუშება ყურს, მაგრამ თავისთავად ცხადია, რომ აქ არავინ გულისხმობს სახელმწიფო გადატრიალებას. საუბარია ტელეკომპანია რუსთავი 2-ს დაცვაზე ანუ ქმედებაზე, რომელიც რეაქციულია თავისი ხასიათით და არა პროაქტიულ ქმედებებზე, რაც გულისხმობს სახელმწიფო გადატრიალებას. საუბარი იყო არა სადმე შეჭრასა და ხელისუფლების ხელში ჩაგდებაზე, არამედ სიტყვის თავისუფლების ბოლომდე დაცვაზე.
როგორი ფორმებით ფიქრობენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები სიტყვის თავისუფლების დაცვას, ეს მათი პრობლემაა. მე ყველას შემიძლია, მოვუსმინო, ოღონდ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს ჩვენი, რუსთავი 2-ს გადაწყვეტილებაა და თქვენ შეგიძლიათ, ბევრი მკითხაობის გარეშე, პირდაპირ ნახოთ ჩვენი გადაწყვეტილებები. ჩვენ არც ბარიკადები გვაქვს ეზოებში, არც "ბოევიკები" გვყავს დასაცავად ეზოს ირგვლივ და ა.შ. ვმუშაობთ ისე, როგორც ვთვლით საჭიროდ და ბოლომდე დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას, ჩვენი კომპანიის ინტერესებს",- თქვა გვარამიამ.
ენმ-ის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია დაკითხვაზე გუშინ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით დაიბარეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების მცდელობაზე გამოძიება 24 ოქტომბერს დაიწყო. გიგა ბოკერია იმავე დღეს დაკითხეს რუსულ სერვერებზე ატვირთული უკრაინული ბლოგის wikileaks.center-ის მიერ გამოქვეყნებულ "სააკაშვილისა და ბოკერიას დიალოგის ტრანსკრიპტთან" დაკავშირებით.





