ფარული ჩანაწერები

TI: დადგინდეს, ვინ და როგორ ჩაწერა საქართველოს მოქალაქეები ფარულად

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და გიგა ბოკერიას ფარული სატელეფონო ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ და როგორ ჩაწერა საქართველოს მოქალაქეების სატელეფონო საუბარი ფარულად. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჩანაწერები კანონის მოთხოვნათა დაცვით არის მოპოვებული, TI-ის შეფასებით, აუცილებელია იმ პირთა დადგენა და მათი პასუხისმგებლობაში მიცემა, ვინც აუდიომასალა საჯაროდ გაავრცელა. ამასთან, ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს და მათ სურვილს, გაემიჯნონ ყველა იმ მოწოდებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ტელეკომპანიის საქმიანობას. TI-ის შეფასებითვე, "მისასალმებელია, რომ რუსთავი 2-ის მენეჯმენტს არ განუხორციელებია, სააკაშვილის რჩევების გათვალისწინებით, რაიმე რადიკალური ქმედებები".

"სამწუხაროა, რომ მაშინ, როდესაც საზოგადოების ყურადღება რუსთავი 2-ის საკუთრების შესახებ სასამართლო დავაზეა მიმართული, ოდესის რეგიონის ხელმძღვანელი და საქართველოს ექს-პრეზიდენტი ცდილობს ტელეკომპანიის დირექტორისთვის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მითითებების მიცემას, რაც აგრესიული ქმედებებისკენ მოწოდებასაც შეიცავს.

მიგვაჩნია, რომ ნაკლებად პრობლემატურია სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე აგებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიების არსებობა (რაც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშიც გვხვდება). ამავე დროს, დაუშვებელია ამის საფუძველზე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ მედიის კრიტიკა. დაუშვებელია ასევე პოლიტიკოსების მხრიდან ჟურნალისტებისთვის და მედიის მენეჯერებისთვის მითითებების მიცემა. მითუმეტეს მიუღებელია ისეთი მითითებების მიცემა, რომლებიც სიტუაციის ესკალაციისკენ მოწოდებებსაც შეიცავს. ვთვლით, რომ აბსოლუტურად დაუშვებელია ჟურნალისტების მიმართ უპატივცემულობა და მათი საქმიანობის გამოყენება კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

ზუსტად ამიტომ, სოლიდარობას ვუცხადებთ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს და მათ სურვილს, გაემიჯნონ ყველა იმ მოწოდებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ტელეკომპანიის საქმიანობას. მისასალმებელია, რომ რუსთავი 2-ის მენეჯმენტს არ განუხორციელებია, სააკაშვილის რჩევების გათვალისწინებით, რაიმე რადიკალური ქმედებები.

ასევე გვსურს გამოვეხმაუროთ პირადი საუბრების აუდიო ჩანაწერების გავრცელების ფაქტს. საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ და როგორ მოახდინა საქართველოს მოქალაქეების უკანონო ფარული მიყურადება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჩანაწერები კანონის მოთხოვნათა დაცვით არის მოპოვებული, აუცილებელია იმ პირთა დადგენა და მათი პასუხისმგებლობაში მიცემა, ვინც აუდიო მასალა საჯაროდ გაავრცელა. პარალელურად დაუშვებელია აღნიშნული გამოძიების მიმდინარეობის გამოყენება ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის საბაბად.

სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი ლიდერი ვერ აცნობიერებს მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და იმას, რომ მსგავსმა ქმედებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოს ტელეკომპანიას და არხის მომავალ საქმიანობას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წარსულში რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკით უკმაყოფილო მოქალაქეებიც კი დღეს ტელეკომპანიის გულშემატკივრები არიან, რაც განპირობებულია მედია გარემოში რუსთავი 2-ის განსაკუთრებული როლითა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით. ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი ლიდერის მედიასთან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ შესაძლოა, რუსთავის 2-ის მენეჯმენტის ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოებაში უნდობლობა გააჩინოს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ჩანაწერებმა გავლენა არ მოახდინოს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო დავაზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილების საკუთრებასთან დაკავშირებით", - აცხადებს TI.

მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და გიგა ბოკერიას ფარული სატელეფონო ჩანაწერები გუშინ უკრაინულ საიტზე გავრცელდა. ამის საფუძველზე, დღეს, 13:00-დან, დაკითხვაზე იმყოფებიან გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია. ჩანაწერებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით აგრძელებს. გამოძიება სუს-მა რუსულ სერვერებზე ატვირთული უკრაინული ბლოგის საფუძველზე 24 ოქტომბერს დაიწყო. სსკ-ის 315-ე მუხლი ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

 

კომენტარები