ფარული ჩანაწერები

კობახიძე აუდიოჩანაწერებზე: არავის მივცემთ ამ ქვეყნის არევის უფლებას

უდანაშაულო ფოტოგრაფებს ფოტოების გავრცელება არ აპატიეს, უდანაშაულო ირაკლი ბათიაშვილს რაღაც გაუგებარი ბრალდება - "ინტელექტუალური დახმარება" წაუყენეს და ციხეში გამოკეტეს, სწორედ გვარამიას ხელისუფლებაში ყოფნის დროს... კიდევ ბევრს ჩამოვთვლიდი, მაგრამ საჭირო არ არის, ყველამ კარგად იცის. ხოდა, ახლა მთავარი ის სულ არ არის, ვინ და სად გამოაქვეყნა ეს ჩანაწერი, მთავარი ამ ადამიანთმოძულეების საუბრის შინაარსია. დიახ, პირველკურსელი, ოროსანი იურისტი მიხვდება, რომ ეს დანაშაულის მომზადებაა, დაგეგმვაა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, კონსტიტუციური წყობის დამხობის, სისხლისღვრის, მასობრივი არეულობის და ერთადერთი მიზნით - ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ისევ ჯიჯგნონ, ადამიანების ღირსება გათელონ, ისევ იძალადონ, ქვეყანა საბოლოოდ დაშალონ. თანაც გამოდიან და უტიფრად აღიარებენ, რომ დიახ, ასეთი გეგმები აქვთ. ხოდა, ველოდები ახლა ყველა ექსპერტს, არასამთავრობოებს, ჟურნალისტებს, პრეზიდენტსაც, უცხოელებსაც - ვისაც ეს არარაობები დასცინიან და "იდიოტებად" მოიხსენიებენ, გამობრძანდით და შეაფასეთ სააკაშვილ-ბოკერია-გვარამიას გეგმები!!!!! ველოდები დავით ბაქრაძესაც - ამათი ლიდერი ისევ თუ ხართ, ბატონო დავით??? ველოდები პროკურატურას და მათ რეაგირებას! აქვთ თუ არა გარანტია ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება დაცულია კრიმინალებისგან, ბოევიკებისგან, ზონდერებისგან??? ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ერთადერთი, ვისაც არეულობა აწყობს, ეს ნაციონალური მოძრაობაა? არავის, არავის მივცემთ ამ ქვეყნის არევის უფლებას, არავის!

წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე Facebook-ში მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას საუბრის აუდიოჩანაწერების გავრცელებაზე.

კომენტარები