ტელეკომპანია რუსთავი ორის საქმეზე სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 11:00-ზე განახლდება.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ გუშინ ტელეკომპანიის ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა გადადო. იურისტებმა დრო დაკითხული მოწმის ჩვენების სრულყოფილად შესასწავლად ითხოვეს. მათ მოწმის სამსაათიანი ჩვენების სრული ჩანაწერიც მოითხოვეს.
სხდომის გადადებას მხარს არ უჭერდნენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატები, მათი თქმით, დასკვნის შესასწავლად დრო საკმარისი იყო.
გუშინდელ სხდომაზე მოპასუხე მხარის ადვოკატებმა მოსამართლე ურთმელიძე კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს პროცესის დაჩქარებულად წარმართვაში, რაც, მათი თქმით, მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპს არღვევს და მოპასუხე მხარეს სათანადოდ მომზადების საშუალებას არ აძლევს. მოსარჩელე მხარის აზრით კი, მოპასუხე მხარეს მოსამზადებლად საკმარისი დრო ჰქონდა. მათივე თქმით, საპაექრო სიტყვა ერთ საათში მოამზადეს.
მოპასუხე მხარის ადვოკატების საპაექრო სიტყვის შემდეგ, მხარეები რეპლიკის უფლებით ისარგებლებენ. ამის შემდეგ მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს.





