რუსთავი 2-ის საქმე

EU: სახელმწიფომ და პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ დაძაბულობის ზრდისგან

twitter.com/eu_eeas

ევროკავშირი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიტიკურ ფიგურებს, თავი შეიკავონ იმ ნაბიჯებისა და განცხადებებისგან, რასაც შეუძლია, გაზარდოს დაძაბულობა და ხელი შეუწყოს პოლარიზაციას ქვეყანაში.

"ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს მედიაგარემოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, არა მხოლოდ გავზარდეთ საქართველოს მხარდაჭერა, არამედ ქვეყანას უფრო ყურადღებით ვაკვირდებით. ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია განვითარდეს მიღწეული რეფორმები და დავრწმუნდეთ დემოკრატიული ინსტიტუტების სრულ ფუნქციონირებაში. პლურალისტული პოლიტიკური და მედია ლანდშაფტი საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული არჩევანის განუყრელი კომპონენტია.

გვსურს, თავი შევიკავოთ კონკრეტული სამართლებრივი დავების გარემოებებზე საუბრისგან, ჩვენ გვაქვს შეშფოთებები და ვიმედოვნებთ, რომ კანონის უზენაესობის პრინციპები, სასამართლოს დამოუკიდებლობა და მედიის თავისუფლება პრაქტიკაშია მოყვანილი საქართველოში ამ მნიშვნელოვან დროს. მნიშვნელოვანი მედიასაშუალების საქმიანობის შეზღუდვას ან მისთვის ზიანის მიყენებას შეუძლია დემოკრატიული პროცესის შესუსტება, განსაკუთრებით 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების ჩატარების კუთხით.

ევროკავშირი მხარს უჭერს და იზიარებს ხელისუფლების მიზანს, გააგრძელოს რეფორმები, რათა არჩევნები თავისუფლად და წესრიგით ჩატარდეს. გვჯერა, რომ ხელისუფლება ამას მომავალი წლის მანძილზე აბსოლუტურ პრიორიტეტად დააყენებს. ყველა პოლიტიკური ძალის წვდომა მედიაზე დემოკრატიული არჩევნების აუცილებელი წინაპირობაა.

მოვუწოდებთ, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და პოლიტიკურ ფიგურებს, თავი შეიკავონ იმ ნაბიჯებისა და განცხადებებისგან, რასაც შეუძლია, გაზარდოს დაძაბულობა და ხელი შეუწყოს პოლარიზაციას ქვეყანაში",- წერია ევროკავშირის განცხადებაში.

კომენტარები