რუსთავი 2-ის საქმე

კრამერი: რაც საქართველოში ხდება, მხოლოდ პუტინს აძლევს ხელს

თეორემა/ტაბულა

ორგანიზაცია Freedom House-ის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ადამიანის უფლებების მიმართულებით დევიდ კრამერი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ამბობს, რომ პროცესი მხოლოდ ლეგალური დავის შთაბეჭდილებას არ ქმნის. კრამერი ამერიკის ხმას ესაუბრა.

"საქმეს პოლიტიკური თამაშების სუნი ასდის. რუსთავი 2 დამოუკიდებელი ტელეკომპანიაა, რომელიც შეიძლება ნაციონალური მოძრაობისკენ იხრებოდეს, მაგრამ ის დამოუკიდებელი ტელევიზიაა და რომელ მხარესაც უნდა, იმ მხარეს გადაიხრება. პრესის თავისუფლება სწორედ ეს არის. მთავრობის მხრიდან ძალიან ბევრი თავდასხმა იყო განხორციელებული რუსთავი 2-ის, როგორც "ნაციონალური მოძრაობის რუპორის" წინააღმდეგ. ეს არავის ეხმარება. დარწმუნებული ვარ, ობამას ადმინისტრაციას არ მოსწონს, რას ამბობს მასზე Fox News, მაგრამ ისინი ტელეარხს ან რესპუბლიკურ პარტიას კრიმინალურ ორგანიზაციას არ უწოდებენ. მთავრობამ მშვიდი დამოკიდებულება უნდა შეინარჩუნოს და ამასთან, საპროტესტო დემონსტრაციებიც მშვიდობიანი მეთოდებით უნდა გაიმართოს", - ამბობს კრამერი.

კრამერის თქმით, ისეთ დროს, როცა საზოგადოება პოლარიზებულია, სიტუაციის განმუხტვა მთავრობის პასუხისმგებლობაა. მისი მოსაზრებით, განცხადებები იმის შესახებ, რომ ნაციონალური მოძრაობა კრიმინალური ჯგუფია და პროცესებში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეს, დაპირისპირებას კიდევ უფრო აღრმავებს.

"ძალადობა საქართველოში არავის სურს. პრემიერმინისტრის განცხადება დაძაბულობას ამწვავებს. პრეზიდენტის მიერ ყველასთვის სიმშვიდის მოწოდება და სასამართლოსთვის გარე ფაქტორების გათვალისწინების მოწოდება კონსტრუქციული იყო. მართალი გითხრათ, გამიკვირდა, რომ საქართველოს საელჩომ ვაშინგტონში პრესრელიზი გამოაქვეყნა, სადაც მხოლოდ პრემიერმინისტრისა და იუსტიციის მინისტრის განცხადებები იყო მოთავსებული და ის არ ასახავდა პრეზიდენტის განცხადებას. ეს არის სიტუაცია, რომლის დროსაც ყველამ სიმშვიდე და საღი აზრი, ხოლო მთავრობამ კი განსაკუთრებული მგრძნობელობა უნდა გამოიჩინოს", - ამბობს კრამერი.

დევიდ კრამერის აზრით, რუსთავი 2-თან დაკავშირებული სამართლებრივი პროცესი, აგვისტოში კომპანიის აქტივების გაყინვა, ასევე გასულ წელს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის მკვლელობა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე დადებითად არ მეტყველებს.

"მიმდინარე მოვლენები იმათ წისქვილზე ასხამს წყალს, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება. ისინი იტყვიან, რომ საქართველო NATO-სთვის მზად არ არის; როგორ უნდა დავიცვათ ქვეყანა, სადაც ასეთი პოლიტიკური ქიშპობა მიმდინარეობს. ეს ევროკავშირთან ურთიერთობასაც დააზიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის და ასოცირების შეთანხმებას ხელი მოეწერა, ჯერ ისევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. რაც უფრო მეტად ემსგავსება საქართველო ქვეყანას, სადაც შიდაპოლიტიკური ვითარება ნებისმიერ წუთს შეიძლება აფეთქდეს, მით უფრო მეტ მხარდამჭერს დაკარგავს საქართველო დასავლეთში. ეს არავის აძლევს ხელს, გარდა ერთი ადამიანისა და ეს ადამიანი ბატონი პუტინია", - მიიჩნევს კრამერი.

კომენტარები