რუსთავი 2-ის საქმე

ევროპის სახალხო პარტიამ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე რეზოლუცია მიიღო

ევროპის სახალხო პარტიამ რეზოლუცია "დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში" მადრიდში გამართულ ყრილობაზე ერთხმად მიიღო.

როგორც რეზოლუციაში წერია, პარტია უკიდურესად არის შეშფოთებული რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კამპანიის გამო, შეცვალოს ყველაზე პოპულარული ტელეარხის მფლობელი და არხის პოლიტიკა. ასევე შეშფოთებულია საარჩევნო წელიწადში პოლიტიკური თოქშოუების დახურვის გამო.

პარტია კვლავ შეშფოთებულია ოპოზიციის ლიდერებისა და რუსთავი 2-ის მხარდამჭერების პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების გამო.

გარდა ამისა, რეზოლუციაში შეშფოთებაა გამოხატული წინასწარ პატიმრობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გიგი უგულავას კვლავ დაკავებაზე.

პარტია გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას იმაზე, რომ სასამართლო სისტემას ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იარაღად იყენებს.

რეზოლუციაში მოუწოდებენ ხელისუფლებას, პატივი სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობას, თავი შეიკავოს პოლიტიკის ინსტრუმენტალიზაციისგან და ნებისმიერი უკანონო ჩარევისგან.

პარტია ხაზს უსვამს, რომ ინფორმაციის პლურალიზმი, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური შეჯიბრებითობა, კანონის უზენაესობა, სამართლიანობა და დემოკრატია არის დემოკრატიული საზოგადოების ფასეულობები და გასაღები ევროპული ინტეგრაციისკენ.

პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ტენდენციები და კონცენტრირდეს საქართველოს მომავალზე. "წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სერიოზულად დააზიანებს საქართველოს და მის პროგრესს ევროპული ოჯახის მიმართულებით", - წერია რეზოლუციაში.

კომენტარები