წამების კადრები

TI: დაუშვებელია ფარული ჩანაწერების პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენება

„ყოვლად დაუშვებელია ფარული ჩანაწერების პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენება და ამ მიზნით მათი საჯაროდ გავრცელება.“-არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო, გუშინ უკრაინულ ვებგვერდზე, წამების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელების ფაქტს ეხმაურება. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, სახელმწიფოში არ არსებობს თითოეული მოქალაქის პირადი ინფორმაციის დაცვის ეფექტური მექანიზმები. შესაბამისად, კვლავ საფრთხეშია ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო გამოთქვამს მოსაზრებას, რომ შესაბამისი უწყებები ვერ უზრუნველყოფენ მათზე დაკისრებულ მინიმალური ვალდებულებების შესრულებასაც კი და ვერ ახერხებენ ადამიანის პირადი ცხოვრების შემცველი მასალის სათანადოდ დაცვას.

"ვეხმაურებით უკრაინულ ვებგვერდზე წამების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელების ფაქტს. წლების განმავლობაში სამართალდამცავი და სასჯელაღსრულების უწყებების თანამშრომელთა მიერ განხორციელებული წამება და არაადამიანური მოპყრობა მძიმე სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა. უამრავი გახმაურებული ცალკეული შემთხვევის გარდა, ამას ე.წ. ციხის კადრები, სამეგრელოს საცავებში აღმოჩენილი ვიდეო მასალა და სხვა შემთხვევები მოწმობს. არაადამიანური მოპყრობის წახალისებას სამართალდამცავ უწყებებში მომუშავე პირების დაუსჯელობა და პასუხისმგებლობისგან მათი სრულად გათავისუფლება ახდენდა. სისტემური პრობლემის არსებობას ხელს სამართალდამცავი სტრუქტურების უმაღლესი თანამდებობის პირების სხვადასხვა ფორმით დანაშაულში თანამონაწილეობაც უწყობდა ხელს. სისტემური ხასითის პრობლემას ასევე წარმოადგენდა ქვეყანაში არსებული ტოტალური უკანონო თვალთვალის პრაქტიკაც, რის შედეგადაც შსს-ში 2013 წელს 20 000 ათასზე მეტი უკანონოდ განხორციელებული ფარული აუდიო და ვიდეო თვალთვალის შედეგად მოპოვებული ჩანაწერი აღმოჩნდა. აღმოჩენილი მასალის მოცულობა უმძიმეს სისტემურ პრობლემაზე მიუთითებდა.  

წამების კადრების გავრცელება კიდევ ერთ პრობლემაზე მიუთითებს. როგორც ჩანს, შესაბამისი უწყებები ვერ უზრუნველყოფენ მათზე დაკისრებულ მინიმალური ვალდებულებების შესრულებასაც კი და ვერ ახერხებენ ადამიანის პირადი ცხოვრების შემცველი მასალის სათანადოდ დაცვას. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ როგორც ჩანს, მსგავსი ჩანაწერების გამოყენება პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენება.

აუცილებელია, რომ ადამიანების წამებაში მონაწილე ყველა პირმა სათანადოდ აგოს პასუხი მართლმსაჯულების წინაშე. ამასთან, პასუხისმგებლობა იმ პირებსაც უნდა დაეკისროთ, ვინც აღნიშნული სისტემის (პატიმრების წამება და უკანონო ფარული მიყურადება) შექმნაში მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანია ასევე სახელმწიფომ შექმნას ამგვარი ქმედებების ეფექტური პრევენციის სისტემა. სამწუხაროდ, დღემდე არ არის გამოძიებული არც წამების ყველა ფაქტი. ასევე არ არის გამოძიებული ტოტალური უკანონო მიყურადების ფაქტები და არ არიან გამოვლენილი უკანონო თვალთვალის სისტემის შექმნელი პირები. სახელმწიფოში არ არსებობს თითოეული მოქალაქის პირადი ინფორმაციის დაცვის ეფექტური მექანიზმები. შესაბამისად, კვლავ საფრთხეშია ადამიანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

სისტემური დანაშაულის დამკვიდრებას მეტწილად სამართალდამცავი უწყების თანამშრომელთა დაუსჯელობა განაპირობებს. სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობდა და დღესაც არ არსებობს დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმი, რომელიც სრულყოფილად და ობიექტურად გამოიძიებს სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანშაულს, დროულად გამოავლენს და პასუხისგებაში მისცემს დამნაშავე პირებს და უზრუნველყოფს ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის გარეშე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულთა გამოძიება მიკერძოების განსაკუთრებულად მაღალ რისკს შეიცავს. მიკერძოებული გამოძიება კი არსებითად აზიანებს როგორც საჯარო, ისე კერძო ინტერესს და ასუსტებს ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიებს. ამასთან ყოვლად დაუშვებელია ფარული ჩანაწერების პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენება და ამ მიზნით მათი საჯაროდ გავრცელება."-ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები