კორუფცია

მოლდოვის ყოფილი პრემიერმინისტრი პარლამენტში დააკავეს

REUTERS/FREDRIK SANDBERG

მოლდოვის ყოფილი პრემიერმინისტრი ვლად ფილატი, რომელიც ამ პოსტს 2009-2013 წლებში იკავებდა, გუშინ პარლამენტის შენობაში დააკავეს. Reuters-ის ინფორმაციით, მას საბანკო თაღლითობაში მონაწილეობასა და ამ გზით 1 მილიარდი დოლარის მითვისებაში ედება ბრალი.

ფილატი გუშინ, ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა, ხელბორკილებით გაიყვანეს პარლამენტის შენობიდან. მოლდოვის პარლამენტის გადაწყვეტილებით, მას დეპუტატის სტატუსი ჩამოერთვა. ამ გადაწყვეტილებას 99 პარლამენტარიდან, 79-მა დაუჭირა მხარი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ფილატს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებული ყველა ბრალდებას უარყოფს. შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისიდან მოლდოვაში მასობრივი აქციები ტარდება კორუფციასთან ბრძოლის და კორუმპირებული მაღალჩინოსნების დაკავების მოთხოვნით.

კომენტარები