გიგი უგულავას საქმე

ვოლკერი: უგულავას საქმეში პოლიტიკური მოტივაცია ჩანს

ამერიკის ხმა

NATO-ში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა და მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა კურტ ვოლკერმა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, უგულავას გარშემო განვითარებული მოვლენების თანხვედრა პოლიტიკურ მოტივაციაზე მიანიშნებს. ვოლკერმა ინტერვიუ ამერიკის ხმას მისცა.

"თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმე - როცა მან წინასწარ პატიმრობაში 14 თვეზე მეტი გაატარა, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ის გაათავისუფლეს, 24 საათის შემდეგ დამნაშავედ ცნეს და ისევ ციხეში შეაბრუნეს, საქართველოს მეგობრებს ვერ არწმუნებს, რომ საქმე გვაქვს კანონის უზენაესობასთან. ამ მოვლენების თანხვედრა პოლიტიკურ მოტივაციაზე მიანიშნებს", - თქვა ვოლკერმა.

ვოლკერმა ვარშავის სამიტზე საქართველოს შანსებზეც ისაუბრა. ის არ ფიქრობს, რომ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ვინმე შეიძლება ელოდეს.

"რაც შეეხება საქართველოს ან უკრაინას, არ ვფიქრობ, რომ ამ სამიტზე მათთვის MAP-ის მინიჭებას ვინმე შეიძლება ელოდეს. მაგრამ რაც უნდა ვნახოთ, ესაა NATO-საქართველოს კომისიის, ასევე NATO-უკრაინის კომისიის საშუალებით პარტნიორობის გაგრძელება, რაც ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა უსაფრთხოების სექტორი, წვრთნების და დაგეგმარების ყოველწლიური ეროვნული გეგმა. საქართველოს ადგილას ვეცდებოდი NATO-სთვის მაქსიმალურად მოვმზადებულიყავი, რათა NATO-სა თუ ევროკავშირში გაფართოების კუთხით ვითარების შეცვლის შემთხვევაში საქართველო მზად იყოს", - თქვა ვოლკერმა.

კომენტარები