თავისუფალი დემოკრატები

მარნეულის საკრებულოს ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები სამმა წევრმა დატოვა

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების სამმა წევრმა პარტია დატოვა და ქართულ ოცნებაში გადავიდნენ. ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ მამედ მამედოვმა, რამიზ გულმამედოვმა და ნიზამ ვალიევმა მარნეულის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადეს. მარნეულის საკრებულოს სამივე დეპუტატი თავისუფალი დემოკრატების დატოვების მიზეზად, პოლიტიკური მოსაზრებების შეუთავსებლობას ასახელებს. 

"ჩვენ მხარს ვუჭერდით კოალიცია ქართული ოცნების პოლიტიკურ კურსს და სწორედ ამიტომ ვიყავით ამ კოალიციაში შემავალი თავისუფალი დემოკრატების რიგებში. თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური კურსი დღეს სრულიად ეწინააღმდეგება ქართული ოცნების კურსს, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართული ოცნების რიგებს შევუერთდეთ და დავტოვოთ თავისუფალი დემოკრატები. ამასთან ერთად, თავისუფალი დემოკრატების მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ნაციონალური მოძრაობის წევრი აირჩიეს, რაც ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია", - უთხრა ინტერპრესნიუსს რამიზ გულმამედოვმა. 
 
ქართულ ოცნებაში დაბრუნებულმა დეპუტატებმა ასევე განაცხადეს, რომ თავისუფალი დემოკრატები ადგილობრივი ორგანიზაციის 300-მა წევრმა დატოვა, თუმცა, ამას პარტიაში არ ადასტურებენ. თავისუფალი დემოკრატების განცხადებით, მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე ისპან ქარიმოვი სხვა წევრებთან ერთად, საქმიანობას განაგრძობს.
 
"რაც შეეხება რამიზ გულმამედოვს - ის თანამდებობიდან გადააყენა გამგეობამ, რისი მიზეზიც მისი არაეფექტური მუშაობა და კოალიცია ქართულ ოცნებასთან ფარული თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია გახდა. ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარნეულის საკრებულოში დაიშალა ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები, ვინაიდან აღნიშნული ფრაქცია ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში დაიშალა. მას შემდეგ, რაც თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიცია დატოვეს, გულმამედოვის ხელმძღვანელობით მარნეულის რაიონულ ორგანიზაციაში პრაქტიკულად არანაირი სამუშაო არ ტარდებოდა. სწორედ ამიტომ გულმამედოვმა გამგეობის სხდომაზე მიიღო სიტყვიერი გაფრთხილება, რასაც მოყვა მისი ულტიმატუმი და მუქარა - თუ მას თავმჯდომარეობიდან გადააყენებდნენ, ის ქართულ ოცნებაში გადავიდოდა. დღევანდელი მისი განცხადებით დადასტურდა მისი კავშირები კოალიციასთან", - ნათქვამია თავისუფალი დემოკრატების განცხადებაში.

კომენტარები