ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი

უგრეხელიძე: დაკარგული ჭუკივით ხან ევროპას მიაყვიროს "ყვაო“ და ხან – ამერიკას

საქართველოში რამდენიმე წელია, გრძელდება ბრძოლა ორ სამართლებრივ ოჯახს, სისტემას შორის. ერთია კონტინენტური ევროპის სამართლებრივი სისტემა, რომელსაც წარმოადგენს: გერმანია, ჰოლანდია, საფრანგეთი, შვეიცარია, იტალია და ასე შემდეგ და მეორეა – ინგლისურ-ამერიკული სისტემა. ეს ორი სრულიად განსხვავებული სისტემაა, რადგან ერთში სამართლის წყაროა კანონი, მეორეში – ინგლისურ-ამერიკულში კი წერია, რომ არათუ კანონი, კონსტიტუციაც კი არაფერს წარმოადგენს, სანამ მოსამართლე არ იტყვის, რომ ეს არის კონსტიტუცია. მოხდა ისე, რომ გაიქცევა ჩვენი ერთი სტუდენტი, მაგისტრანტი თუ დოქტორანტი გერმანიაში და მოინდომებს გერმანული მოდელის დანერგვას; გაიქცევა მეორე ამერიკაში, ჩამოიტანს ამერიკულ მოდელს და მის დანერგვას ცდილობს. შემდეგ, ვინც უფრო მაღალ თანამდებობაზე აღმოჩნდება, ცდილობს, აამოს თავის უცხოელ მასწავლებლებს და ვიღებთ სრულ განუკითხაობას. როგორც ჩანს, რეფორმების მოყვარული და რეფორმებს დახარბებული ყოველი ხელისუფლება თუ უწყება იდეათა ნაკლებობის გამო ვერაფერს ახერხებს იმაზე უკეთესს, რომ დაკარგული ჭუკივით ხან ევროპას მიაყვიროს "ყვაო“ და ხან – ამერიკას. ისინი კი იმას ნერგავენ, რაც აქვთ. რატომ უნდა უნდოდეს, მაგალითად, ამერიკას, რომ საქართველოში დაინერგოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, თუ თვითონ მაინცდამაინც აღფრთოვანებულები და ბედნიერები არ არიან ამის გამო?

კომენტარები