პარლამენტის ბიურომ არ გაითვალისწინა ნაციონალური მოძრაობის წინადადება, რუსთავი 2-ის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ემსჯელათ. ბიურომ უარის მიზეზად რეგლამენტით დადგენილი პროცედურის დაცვა დაასახელა. კერძოდ, სხდომის წამყვანის ზვიად ძიძიგურის განმარტებით, ენმ-ის წინადადება პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა და შესაბამისი საკითხი, სხდომის დღის წესრიგში ჩასმის თაობაზე, ბიუროს არ წარდგენია.
ბიუროს უმრავლესობამ კენჭი უყარა იმას, რომ ნაციონალური მოძრაობის მიმართვას, რეგლამენტით დადგენილი პროცედურის მიხედვით განიხილავენ.
ცნობისთვის, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით, შპს ტელეკომპანია საქართველოს ყადაღა დაადო. შპს ტელეკომპანია საქართველო რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელია. ამასთან, აგვისტოში ხალვაშის მოთხოვნით, რუსთავი 2-ის წილები დააყადაღეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს სამოქალაქო დავის მოსამზადებელი სხდომა - მოსარჩელეები ქიბარ ხალვაში და შპს პანორამა, მოპასუხეების ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯიას, შპს გეო-ტრანსის, შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამზადებელ სხდომაზე რუსთავი 2-ის რამდენიმე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კერძოდ, რუსთავი 2-ის მხარემ მოითხოვა სხდომის გადადება, რადგან მთავარი ადვოკატი და არხის გენერალური დირექტორი პროცესზე დასწრებას ვერ ახერხებდნენ. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ უსაფუძვლოდ მიიჩნია აღნიშნული შუამდგომლობა და თქვა, რომ რუსთავი 2-ს სურს, სასამართლო თავის რეჟიმში ამყოფოს.
რუსთავი 2-მა ასევე ითხოვა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილება, შემდეგ კი, საქმის კოლეგიური წესით განხილვა მოითხოვა. თუმცა ტელეკომპანიის შუამდგომლობები მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.





