ლარის გაუფასურება

ერთკვირიანი გამყარების შემდეგ ლარი კვლავ გაუფასურდა

wikimedia.org

ერთკვირიანი გამყარების შემდეგ ლარი კვლავ გაუფასურდა. დოლართან მიმართებით ლარი 0.41 თეთრით გაუფასურდა - ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3857 ლარი გახდა. კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში კი მისი შეძენა 3-4 თეთრით ძვირად არის შესაძლებელი. ლარი დღესვე ევროსთანაც გაუფასურდა, ერთი ევროს ოფიციალური კურსი 2.6748 ლარი გახდა. გასული ერთი კვირის მანძილზე ლარი მყარდებოდა, ეროვნული ვალუტა ამ პერიოდში დოლართან 7 თეთრით, ევროსთან კი დაახლოებით 10 თეთრით გამყარდა.

მთავრობა საშუალოვადიან პერიოდში ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურებას არ ელის, ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა განაცხადეს. ნოდარ ხადურის შეფასებით, ის მაკროეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც ლარის კურსზე ახდენდა უარყოფით გავლენას, სრულად ამოწურულია. ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კი ამბობს, რომ ლარი აუცილებლად გამყარდება და ეს ყველასთვის ცნობილია.

ეროვნულმა ბანკმა 23 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, როდესაც რეფინანსირების განაკვეთი 7%-მდე გაზარდა, ერთი დღით ადრე კი სავალუტო ბაზარზე $40-მილიონიანი ინტერვენცია განახორციელა, საიდანაც $27 მილიონი კომერციულმა ბანკებმა იყიდეს. 

ლარის გაუფასურება ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმის შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 24%-ით შემცირდა. ექსპორტის $455 მილიონით შემცირებასთან ერთად იმპორტი $561 მილიონით შემცირდა, იმპორტის შემცირება ექსპორტის შემცირებას წელს სრულად აბალანსებს. 

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი აზიის ფინანსური კრიზისის გამო 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა, წლევანდელი სავალუტო კრიზისის მინიმუმი 21 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც ერთი ამერიკული დოლარი 2.45-ზე 0.0001 თეთრით ნაკლები ღირდა. 

კომენტარები